რეზონანსი
25.03.2023

კანდიდატის სტატუსი პოლიტიკოსებს შორის განხილვის საგანი, მამუკა ხაზარაძის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა. "ლელოს" ლიდერი ღიად ამბობს, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის არიან ისეთები, ვისაც "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში არ სურს ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. კონკრეტულად ვისზე საუბრობს ხაზარაძე უცნობია, მას პარტიები არ დაუსახელებია. ერთადერთი ის თქვა, რომ "ლელო" ამ პოლიტიკურ ძალებს შორის არ არის და მისი პრიორიტეტი ევროინტეგრაციის პროცესში სწორედ ქვეყნის წარმატებაა. ხაზარიძის განცხადების შემდეგ, "ლელოში" დამატებითი განმარტებებიც გაკეთდა, თუმცა, პარტიის წევრებმა ისევ არ დაასახელეს ის, ვისზეც მათი ლიდერი საუბრობდა.

ვის გულისხმობს "ლელო" უცნობია იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ევრო-რეკომენდაციების შესრულებისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მამუკა ხაზარაძეს კონკრეტული პარტიების დასახელებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობას აზიანებს.

კონკრეტული პარტიების დასახელებას "ლელოსგან" ის ოპოზიციაც ელოდება, რომლებიც სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩართულები იყვნენ. მათ შორის "გირჩი", გიორგი გახარიას პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მსგავსად ხაზარაძისა, არც ისინი გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია მსგავსი სურვილი გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ, მეტიც, პარტია "საქართველოსთვის" წევრებს კითხვები ამ ნაწილში სწორედ "ლელოსთან" აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ის, რაზეც "ლელო" საუბრობს, სიახლე არ არის და ოპოზიციაში ნამდვილად მოიძებნებიან ისეთები, ვისაც ქვეყნის წარმატება "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში არ სურს. კანონმდებლები ამბობენ, რომ ამის დასტური თუნდაც ის შეხვედრებია, რომელსაც ოპონენტების ნაწილი ევროპაში ქვეყნის საწინააღმდეგოდ მართავს.

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება სჭირდება, ქვეყანამ 12 დავალება გასული წლის ზაფხულში მიიღო, წლის ბოლომდე კი სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×