რეზონანსი
25.03.2023

ინებოს უფალმა, რომ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის სახით, ავტოკეფალიის სახით და შევძლოთ, არათუ შევინარჩუნოთ ეს დიდი განძი, არამედ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ქადაგებისას განაცხადა.

„თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ჩვენი ერის და ეკლესიის ერთ-ერთ გამორჩეულ დღესასწაულს - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა ანტიოქიის საპატრიარქოსგან V საუკუნეში, წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლით. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელმაც განაპირობა ჩვენი კულტურის მრავალი დარგის დიდი აღმავლობა და აღორძინება. როგორც ბრძანებდა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი თავის სიტყვაში აღსაყდრების შემდეგ, „საქართველოს ძველი კულტურა და სწავლა-განათლება ეკლესიის კედლებში აღმოცენდა. აქედან საზრდოობდნენ ჩვენი წინაპრები სულიერად და არა მხოლოდ სულიერად, არამედ - ამქვეყნიური კეთილდღეობის საზომიც იყო მათთვის ეს." ასეთ სიტყვებს ამბობს წმინდა კირიონი.

და აი, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ერი უფრთხილდებოდა და იცავდა ამ დამოუკიდებლობას ჩვენი ეკლესიისა. ასე გრძელდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც რუსეთის იმპერიამ შეიერთა საქართველო და ჩვენ დავკარგეთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. თქვენ იცით, რომ ამას მალევე მოჰყვა საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვაც, კათოლიკოსი ანტონ II გადაასახლეს რუსეთში და 1811 წელს საქართველოს ეკლესიის მმართველობა ჩააბარეს ეგზარქოსს.

ასეთი უმძიმესი ხანა ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიაში გაგრძელდა 100 წელიწადზე მეტ ხანს, 1917 წლამდე. ისევ გავიხსენებ წმინდა პატრიარქ კირიონის სიტყვებს, როგორ აფასებს ის ამ 100-წლიან პერიოდს. ის ამბობდა: „100 წლის მონობამ მოახდინა ის, რომ საქართველოს ეკლესიის მწყობრი ცხოვრება შეირყა... ერის გულთან შეთანხმებული კავშირი მოისპო, დაირღვა და გაქრა ცოცხალი სული". ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი.

სწორედ ამიტომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი წინაპრები, სასულიერო პირები თუ საერონი, არ წყვეტდნენ ზრუნვას ავტოკეფალიის აღდგენისა და რუსეთის იმპერიის ამ უკანონო აქტის გაუქმებისათვის. ამას მოწმობს არაერთი წყარო, როგორი წინააღმდეგობა იყო ჩვენი ხალხის მხრიდან, ეკლესიის მხრიდან. მაგალითად, იყო ასეთი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენი სასულიერო პირები ღვთისმსახურების დროს წმინდა სინოდს იხსენიებდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ხედავდნენ, რომ რუსი მოხელეები იდგნენ ტაძარში. სხვა დროს არ იხსენიებდნენ. ეს ეგზარქოსი, რომელიც თავად რუსი იყო, ამბობს, რომ ყველა იმჟამინდელი ამბოხება (ეს არის 10-იანი წლების დასასრული) მისი მსახურების პერიოდში (თქვენ გახსოვთ, რამდენი ამბოხება იყო მაშინ საქართველოში იმ ათწლეულებში) უკავშირდება სწორედ ავტოკეფალიის დაკარგვას და წართმევას.

ასევე, პატრიარქი ლეონიდე წერდა, რომ ყველა, ვინც კი იყო წინააღმდეგი ამ სინოდალური მმართველობისა საქართველოში, ძალიან მკაცრად იდევნებოდა და მათ ასახლებდნენ რუსეთში. აი, ასეთი უმძიმესი ვითარება იყო.

როგორც მოგახსენეთ, სულ მუდამ იყო მცდელობა ავტოკეფალიის აღდგენისა. უკვე მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ მოძრაობას შეუერთდნენ ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ წმინდა ილია მართალი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და სხვები. მათი მხარდაჭერით ჩვენმა სამღვდელოებამ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაატარა საგანგებო სხდომა, რომლის მოთავენიც იყვნენ მაშინ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე, ანტონი, დეკანოზები: კალისტრატე ცინცაძე, ნიკიტა თალაკვაძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია და სხვები. სხდომაზე გაიმართა მსჯელობა ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. შემდეგ, 1906 წელს, ამ მსჯელობამ გადაინაცვლა პეტერბურგში, წმინდა სინოდის კრებაზე, მაგრამ როგორც იცით, იმჟამინდელი საეკლესიო მმართველობა იმპერიისა, ასევე ხელისუფლებაც, ყველანაირად ცდილობდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა არ მომხდარიყო.

და აი, 1917 წელს, როდესაც მოხდა ცნობილი რევოლუციური მოვლენები თებერვალში რუსეთში, ჩვენმა სამღვდელოებამ 12 მარტს ძველი სტილით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა.

მაშინ, ვიდრე აირჩევდნენ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, ეკლესიის დროებით მმართველად დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე, ხოლო იმავე წლის 17 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონ საძაგლიშვილი. რა თქმა უნდა, მაშინ იყო მრავალი გამოხმაურება როგორც ეკლესიაში, სასულიერო დასში, ისე საეროთა შორის, იყო დიდი სიხარული და ზეიმი ქვეყანაში.

ამის დასტურად მინდა გავიხსენო, როგორ აფასებდნენ ამ მოვლენას, მაგალითად, საეკლესიო წრეებში და მოვიყვანო იმ დროისა და, საერთოდ, ჩვენი უახლესი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწისა და მონაზვნის, ღირსი ალექსი შუშანიას პატრიარქ კირიონისადმი გაგზავნილი წერილიდან ფრაგმენტი. იგი ულოცავს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ „პირველად გილოცავ ჩვენი სამშობლოს მკვდრეთით აღდგომას, და ასევე გაწამებულ და ავაზაკთაებრ გაძარცული საქართველოს ეკლესიის განახლებას. ესე არს დღე, რომელ ქმნა ყოვლადწმინდა დედამ თავის წილხვდომილ საქართველოს აღდგომისა". ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი.

და აი, იმ დღიდან ჩვენ გვაქვს მოპოვებული ავტოკეფალია, მაგრამ თქვენ იცით, რომ ამით არ დასრულებულა ავტოკეფალიისთვის ბრძოლის საქმე. მართალია, მოვიპოვეთ ის, რაც გვქონდა უძველესი დროიდან, აღვიდგინეთ, უფრო სწორედ, მოპოვებული ავტოკეფალია, მაგრამ ამას სჭირდებოდა ზოგადსაეკლესიო დონეზე დამოწმება ოფიციალურად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ. ეს საშური საქმე კი ითავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც თავისი ავტორიტეტით, დიდი სულიერებით, დიდი სიბრძნით მიაღწია იმას, რომ ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გადმოგვეცა ორი სიგელი, სადაც არის აღიარებული ავტოკეფალია ჩვენი ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული.

გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, ინებოს უფალმა, რომ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის სახით, ავტოკეფალიის სახით და შევძლოთ, არათუ შევინარჩუნოთ ეს დიდი განძი, არამედ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი.

დღეს ამასთან დაკავშირებით ვიხსენებთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს თავისუფლებაზე. იგი ამბობს რომ: „თუ თქვენ დაიცავთ ჩემს მცნებებს, მაშინ შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ".

აი, ღმერთმა ინებოს, რომ მოგვეცეს მადლი, დავიცვათ მცნებები ქრისტესი და შევიცნოთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ განგვათავისუფლოს, ვინაიდან ნამდვილი თავისუფლება სწორედ ჭეშმარიტების შეცნობით მოიპოვება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!"- აღნიშნა მეუფე შიომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×