
ენდოკრინოლოგ სოფო მებუკეს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს იმაზე ბევრად ნაკლები კალორაჟის საკვებს, ვიდრე მას წონის შესანარჩუნებლად სჭირდება და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე ეს წონის მატებისთვის არის საჭირო. ექიმის განცხადებით, პაციენტთან ბოლო ვიზიტისას მან ექსპრეზიდენტს კონსილიუმის მოწვევა შესთავაზა, რაზეც პატიმარმა უარი განაცხადა და გაღიზიანდა.
„ოჯახის წევრებს მოაქვთ ის პროდუქტები, რასაც პაციენტი იღებს, რითაც იკვებება. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რომ მოტანილი საკვებიც ბოლომდე არ აუთვისებია, ანუ გადაყრილა [საკვები]. ძირითადად მოაქვთ ის, რასაც იციან, რომ შეჭამს და არა რაიმე სხვა, რასაც თუნდაც ჩვენ ვეუბნებით, რომ მოიტანონ.
ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, გაცილებით რთულად გადასამუშავებელი პროდუქტი როგორ შეიძლება იყოს მისთვის უკეთესად ასათვისებელი, ვიდრე სხვა, სასარგებლო [პროდუქტი]. ბოლო ვიზიტი მქონდა 16 მარტს, როდესაც პირადად შევედი და კიდევ ერთხელ შევთავაზე აღნიშნულ საქმეზე კონსილიუმის სახით სხვადასხვა პროფესორ-ენდოკრინოლოგების მოწვევა, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე და ის გაღიზიანდა.
სიმპტომურ მკურნალობაზე თანახმაა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ვითვლიდი კალორიებს, ნამდვილად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ შედარებით გამრავალფეროვნდა მისი მენიუ, თუმცა ეს იყო ეპიზოდური", - აცხადებს მებუკე.