რეზონანსი
30.03.2023

არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაპატიმრებული 63 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს. დაკავებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება მაშინ დასჭირდა, როცა გამომძიებლებს მისთვის ბრალი ოფიციალურად უნდა წარედგინათ.

63 წლის მამაკაცს პროკურატურამ ბრალი საავადმყოფოში წარუდგინა. საგამოძიებო უწყება სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

დაკავებული ადვოკატმაც მოინახულა. თამარ თედლიაშვილის ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. ე.წ. ოქროს მოწმის მიერ მის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას კი პირად შურისძიებას უკავშირებს, რაზეც ჯერ ღიად არ საუბრობს.

15 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები კამერებთან დღეს აღარ გამოჩენილა. კომენტარის გაკეთება არც ე.წ-მა ოქროს მოწმემ ისურვა.

ქარელის რაიონის სოფელში, სადაც დაკავებული და დაზარალებული ცხოვრობენ, მოსახლეობა გამოძიების დასრულებას ელოდება. მანამდე კი, "კურიერს" უყვებიან, რომ მოწმის მიერ მიცემული ჩვენება მათ კითხვებს უჩენს.

რაიონში 63 წლის მამაკაცს კარგად იცნობენ როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორს და ამბობენ, რომ მას არჩევნების დროს რამდენიმე სოფელი ჰქონდა ჩაბარებული.

15 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის დაპატიმრებულ მამაკაცს ბრალს მას შემდეგ წარუდგენენ, როცა კლინიკიდან ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში დააბრუნებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 63 წლის კაცს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×