რეზონანსი
31.03.2023

7-9 მარტის აქციების დროს, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, სასამართლოში ხმაური მოყვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა, ბრალდების არგუმენტები დასაშვებად ცნო, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. გრიგორიადისის მხარდასაჭერად მისულმა აქტივისტებმა თქვეს, რომ შსს-ს მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებების მიუხედავად, დაკავებული უდანაშაულოა და მისი ქმედებები ლეგალური იყო.

აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისა და ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებულს, დღეს სოლიდარობა "თბილისი პრაიდის" ყოფილმა ხელმძღვანელმაც გამოუცხადა. გიორგი თაბაგარი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებებს მნიშვნელობა არ აქვს და პოლიციელებისთვის ნასროლი ცეცხლმოკიდებული ბოთლები კონსტიტუციის დაცვის მცდელობა იყო. ანალოგიურია პარტია "დროას" წევრების პოზიციაც.

სასამართლო პროცესზე დაკავებულმა დღეს დუმილის უფლებით ისარგებლა. თუმცა მანამდე მან სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა. ბრალდებული ადასტურებს, რომ 7-9 მარტის აქციებზე პოლიციის წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენა, აგრეთვე ქაშუეთთან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. ლაზარე გრიგორიადისი ჩვენებაში იმასაც წერს, რომ ჩადენილს ნანობს.

რატომ არ გაიმეორა სასამართლოს დარბაზში საკუთარი ჩვენება ბრალდებულმა - ეს კითხვა მისმა ადვოკატმა დღეს უპასუხოდ დატოვა. ლიკა ბითაძის თქმით, დაკავებული სავარაუდოდ ჩვენების ხელახლა მიცემას აპირებს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ საქმეში არსებული მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნებით ყველა ბრალდება დასტურდება.

ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა დღეს იმ პოლიტიკოსებმაც გამოუცხადეს, რომელთა პოლიტიკური გაერთიანების წევრობაზეც დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ხოშტარია-ვაშაძე-ჯაფარიძის სამეული, ბრალდებულის პოლიტიკურ თანამოაზრეობას უარყოფს.

პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერა მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალადობა აქციაზე ოპოზიციის მიერ იყო წახალისებული. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის მცდელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×