
სამორინე „ამბასადორში" უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შსს-ს მიერ დაკავებულ პიროვნებას რაიმე კვეთა ჰქონდა მათ საქმიანობასთან.
ამის შესახებ ნათქვამია სამორინეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ამ წუთებამდე ვრცელდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკავებული პიროვნება სტუმრობდა სამორინე ამბასადორს, წარმოადგენს სიცრუეს. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ.
მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან" - ნათქვამია განცხადებაში.
„ამბასადორის" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირს, რომელიც შსს-მ დააკავა, სასტუმროს ნომერი ორი-სამი დღის აღებული ჰქონდა ნომერი.
„ეს ადამიანი, ვისზედაც მესაუბრებით, აქ ცხოვრობდა, ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა ნომერი, მაგრამ მან გააჩინა თუ არა ხანძარი, ამაზე საუბარი ჯერ მე არ შემიძლია. გამოძიების ვერსია ბევრია, გააჩინა ფიზიკურმა პირმა, თუ გაჩნდა ელექტროენერგიის საშუალებით. აქ ყველანაირი ნორმა დაცულია. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა როგორიც არ უნდა გააკეთო, არის შემთხვევები, რომელიც ამ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობის გამოცდის. მაგალითად, თუ ფიზიკურმა პირმა განზრახ გააჩინა ხანძარი, ძნელია, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ იმდენად ეფექტურად იმუშაოს, რომ ის არ გავრცელდეს. მითუმეტეს, როცა ასეთი მაღალი კლასის სასტუმროში, სადაც ბევრი ხალიჩაა, ბევრი ფარდა და შპალერია და მარტივად აალებადია" - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი „ტვ პირველთან".
ცნობისთვის, სასტუმრო „ამბასადორში" ხანძარი გუშინ დაახლოებით 18:00 საათზე გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის მესამე სართული მთლიანად განადგურდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. პოლიციამ დღეს დილით დააკავა პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ხანძარი განზრახ გააჩინა.