რეზონანსი
25.05.2023

მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან თარიღს - დამოუკიდებლობის დღესა და შეიარაღებული ძალების დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს მტკიცე მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის მეგობრობას საფუძველი ჩაუყარა ხანგრძლივმა ისტორიულმა კავშირებმა და იმ რთულმა გზამ, რომელიც საქართველომ და აზერბაიჯანმა გაიარეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

„ისტორიულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობა ერთდროულად გამოცხადდა და 105 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა ერთდროულად იზეიმეს სახელმწიფოებრიობის აღდგენა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს მტკიცე მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. ამ მეგობრობას საფუძველი ჩაუყარა ხანგრძლივმა ისტორიულმა კავშირებმა და იმ რთულმა გზამ, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა გაიარეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რათა ჩამოგვეყალიბებინა ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

ქართველი ხალხისათვის აზერბაიჯანელი ერი უახლოესი მეზობელი და მეგობარია, რომელთანაც გვაკავშირებს არა მარტო სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ ღრმა და პატივისცემით აღსავსე ადამიანური და კულტურული კავშირებიც. ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში განვითარებული ნაყოფიერი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა და ბევრი დადებითი შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს. დინამიურად მიმდინარეობს ვაჭრობისა და ეკონომიკის, კულტურის, თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ დაწყებულმა საერთაშორისო მნიშვნელობის რეგიონულმა ენერგეტიკულმა და სატრანსპორტო პროექტებმა ორი სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო დაახლოვა.

„პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა, თურქ ლიდერებთან ერთად, შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. ცოტას თუ წარმოედგინა ასეთი შორსმჭვრეტელი პროექტების მნიშვნელობა, რომლებმაც ძველი სავაჭრო მარშრუტები თანდათან აღადგინეს და რომლებიც დღესდღეობით ევროპასა და აზიას შორის საკვანძო დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს.

თუმცა, იმ დროინდელ დასავლეთში ბევრი ვერ აღიქვამდა ე. წ. შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, აგრეთვე, ბევრი სათანადოდ ვერ აფასებდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და მასთან დათბობის, გადატვირთვის და ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების პოლიტიკით ხელმძღვანელობდა. დრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი რეგიონის ხალხების სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაგროვდა.

დღესდღეობით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლობა უფრო და უფრო მეტადაა რელევანტური. მზად ვართ, განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები ენერგორესურსების ტრანსპორტირების მარშრუტების განვითარების ხელშესაწყობად.

მოხარული ვარ, რომ ბოლო წლებში წარმატებით ვითარდება საპარლამენტო ურთიერთობებიც. საქართველოში ვუმასპინძლეთ ჩემს კოლეგას, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას. წინა კვირას კი მე გახლდით ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, მონაწილეობა მივიღე პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დაბადების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე, რომლებმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აზერბაიჯანის მიერ მიღწეული პროგრესი, რომელიც კიდევ უფრო გამყარდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობის წლებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×