რეზონანსი
05.06.2023

დაკავებული, რესტორან „რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ამტკიცებს, რომ ფიზიკურად მას გაუსწორდნენ და სამართლებრივ დავას გეგმავს. პარალელურად, რესტორანში შრომის ინსპექციაა შესული

„ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგანაც მხოლოდ 2 არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. კონფლიქტის მიზეზი გახლდათ ე.წ. ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც ოფიციანტებს უტოვებენ მომხმარებლები და რომლის განაწილებაში საერთოდ არ ერევა ადმინისტრაცია.

თვითონ თემური წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში კომპანიის დასაქმებულები. არსებობს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გუშინ იყო ამოღებული გამოძიების მიერ. სრულად გადაეცა გამოძიებას მასალები. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ თემურის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს", - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ლევან მახარაშვილი.

ვარშანიძეს ბრალად ძალადობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე. ვიდეოს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პიროვნება, რესტორან „რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძეა.

ამასთან, რესტორნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვარშანიძე თანამშრომლებზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი „რეტრო" 15-მა თანამშრომელმა დატოვა და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×