განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდში შედგა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრესისთვის გაკეთებული განცხადების დროს განაცხადა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს სამივე სახელმწიფოსთან ხანგრძლივი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
მან სამივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
,,დღეს ჩვენი ქვეყნისა და საპარლამენტო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ვმასპინძლობთ საქართველოს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, სლავკოვის სამეულის ფორმატის წევრებს - სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს, ბატონ ბორის კოლარს, ბატონ ვოლფგანგ სობოტკას და ქალბატონ მარკეტა პეკაროვა ადამოვას.განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდში შედგა. ეს ვიზიტი საქართველოსადმი სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის დიდი მხარდაჭერის ნათელი გამოვლინებაა.
საქართველოს სამივე სახელმწიფოსთან ხანგრძლივი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა აკავშირებს. სამივე ქვეყანა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მტკიცე მხარდამჭერია.
მოწადინებულები ვართ, გავაღრმაოთ დიალოგი სლავკოვის ფორმატის წევრებთან, რომელიც ევროკავშირის შიგნით ძლიერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა და წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენს.
შეხვედრაზე სამივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე. კოლეგებს, აგრეთვე, გავაცანი რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპული მომავლისადმი სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პროგრესი იქნება სათანადოდ დაფასებული ევროკავშირის მიერ და წლის ბოლოს საქართველოს დამსახურებულად მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
შეხვედრაზე გამოვხატეთ, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. აღვნიშნეთ, რომ პოზიტიურად ვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ამ პოზიტიური ტენდენციის გაგრძელებას.
ხვალ დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ ავსტრიის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი პროექტები, რომლებიც რეგიონების და ადგილობრივი თემების მხარდაჭერას ემსახურება. დღეს კი, ერთობლივი ხელმოწერით კიდევ ერთი მიმართულებით თანამშრომლობას ჩავუყარეთ საფუძველი, რომელიც „ავსტრიულ დემოკრატიის ვორქშოპებს" ეფუძნება და რომლის მიზანს პარლამენტების ჩართულობით ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების განვითარება წარმოადგენს.
მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.