რეზონანსი
05.06.2023

როგორც პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" ხელში არანაირი გასაღები არ უჭირავს - ასე თუ გააგრძელა "ნაციონალურმა მოძრაობამ" , შეიძლება იქით მივეხმაროთ მას ელექტორალურ ამბიციებში

ლილუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პატარა პოლიტიკური პარტიების გაერთიანება წყალს დაასხამს "ქართული ოცნების" წისქვილს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველა პარტია "ნაციონალური მოძრაობაა".

"ჩემი აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხელში არანაირი გასაღები არ უჭირავს. მე ეს გასაღები არ მინახავს. მაგრამ, ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტია "საქართველოსთვის" ე.წ. გასაღები მინახავს, რომელმაც მისცა პარტიას საშუალება, რომ არც "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო ერთპარტიულად წარმოდგენილი საკრებულოებში, არც "ქართული ოცნება" ყოფილიყო წარმოდგენილი უმრავლესობაში .

"ნაციონალური მოძრაობის" გასაღები ბოლო 11 წლის განმავლობაში არ მინახავს. არ მესმის რა თანამშრომლობაზეა საუბარი. თითქოს, ამას ისე ასაღებენ საზოგადოებას, რომ ახალია. ჩვენ გვინახავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ჩამოყალიბებული ე.წ. ერთიანი მთავრობა, ეს ხომ ახალი გამოგონება არ არის, არც "ნაციონალურ მოძრაობაში" წიაღშია „ბრეინშტორმინგით" მოხარშული. მომხდარი ფაქტებია, რომელმაც შედეგი არ მოიტანა. რეალისტები ვიყოთ და ვთქვათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მით უმეტეს პატარა პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ყოველთვის წყალს დაასხამს "ქართული ოცნების" წისქვილს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველა პარტია "ნაციონალური მოძრაობაა". ამ თვალსაზრისით, ამაში პარტია "საქართველოსთვის მონაწილეობას" არ აპირებს. არ გვაქვს მოლოდინი, რომ გაგვიჭირდება 5%-იანი ბარიერის გადალახვა, ასე თუ გააგრძელა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება იქეთ მივეხმაროთ მას ელექტორალურ ამბიციებში",- აღნიშნავს ლილუაშვილი.

ინფორმაციისთვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში," „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×