ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში, "შშმ ქალთა ალიანსის" ხელმძღვანელი გამოკითხვაზე მივა. საქმე ბავშვებზე სექსუალური ხასიათის სავარაუდო ძალადობას ეხება.
ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
საუბარია 7-დან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი, შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.
"სექსუალური შევიწროების ფაქტები იკვეთება და შესაბამის უწყებებს უკვე მივმართეთ ამის შესახებ. აღნიშნული ფაქტები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხდებოდა და ყველა ამ ქალაქებში ვინც იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, ყველამ მიმართა უკვე შესაბამის უწყებებს ადგილობრივად", - განაცხადა "დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" წარმომადგენელმა რამინ მაჭარაშვილმა.
"შშმ ქალთა ალიანსის" ხელმძღვანელის დეა ერემაშვილის განცხადებით, შემთხვევები სხვდასხვა ქალაქებშია დაფიქსირებული და მასშტაბი ძალიან დიდია.
"ასაკი, როგორც ჩემთვის ცნობილია, 8 წლიდან იწყება. არის სხვადასხვა ტიპის ჰარასმენტზე საუბარი. სხვადასხვა ქალაქებში ხდებოდა, არაერთი შემთხვევაა და მასშტაბი იმაზე დიდია, ვიდრე წარმომედგინა", - განაცხადა "შშმ ქალთა ალიანსის" ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა.