საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა. „ბორჯღალოსნები" პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 18:18 ითამაშეს.
ქართველი მორაგბეები თავიდანვე შეეცადნენ, მეტოქისთვის თავისი თამაში მოეხვიათ თავს და სწრაფად შეუტიეს, რაც მეორე წუთზე დადებული ლელოთი დასრულდა, სწრაფი შეტევა აკაკი ტაბუცაძემ დააგვირგვინა და ნაკრებში მისთვის საიუბილეო, 30-ე ლელო დადო.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა, თამაში, ძირითადად, პორტუგალიელების ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მათ შეძლეს კონტრშეტევის განხორციელება, რომელიც ლელოთი დაასრულეს.
ტაიმის მიწურულს პორტუგალიელები კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა ფრანსისკო ფერნანდესი 10 წუთით სინბინში გაუშვა. ტაიმის ბოლო წუთზე ქართველ მორაგბეებს მეორე ლელოს დადებაც შეეძლოთ, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა მოახერხა და შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველომ 13:5 მოიგო.
მეორე ტაიმი უფრო აქტიურად პორტუგალიელებმა დაიწყეს, ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირეს და სახიფათო შეტევებსაც ახორციელებდნენ, 57-ე წუთზე კი მეორე ლელო დადეს და დაწინაურდნენ.
პორტუგალია დიდ უპირატესობას დაეუფლა, საპირისპიროდ ქართველ მორაგბეებს თითქმის არაფერი გამოსდიოდათ. მატჩის ბოლოს თამაშის გადასარჩენად ლევან მაისაშვილის გუნდმა დიდი ძალებით შეუტია და ბოლო წუთზე ზამთარაძემ ლელოს დადებაც მოახერხა, რომელიც ლუკა მატკავამ ვერ გარდასახა და ანგარიში თანაბარი გახდა.
ეგრეთ წოდებულ „გაწითლებულ დროში", პორტუგალიას თამაშის მოგების შანსი ჰქონდა - მათ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ არაზუსტად შეასრულეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 18:18 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 სექტემბერს, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.