რუსეთმა გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი აკრძალა - შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა. რუსეთის მთავრობის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივ ბაზარზე საავტომობილო საწვავის დეფიციტით არის განპირობებული, რაც ფასების მატებას იწვევს.
რას გამოიწვევს ეს ქართულ ბაზარზე, ამ საკითხზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი, საუბრობს.
„განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს - თუ არ იქნება რუსეთი, იქნება ევროპა, ევროპული წყაროები - რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი... დიზელის საწვავი უკვე შემოდის ბაქოდან, და მუშაობენ ძალიან ინტენსიურად რომ ბენზინზეც მოხდეს გადაიარაღება. ბაქო ჩვენი საუკეთესო პარტნიორია და ველოდებით.
საქართველოში დეფიციტი არასდროს არ შეიქმნება, კარგი გეოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს - ზღვა გვაქვს, უბრალოდ წინასწარმეტყველება, რა ფასი ექნება ევროპულ სანავთობო ბაზრებზე ნავთობპროდუქტებს ეგ არავინ იცის, ამიტომ როცა შემოვიტანთ, მაშინ განვსაზღვრავთ", - ამბობს იობაშვილი.
მისი თქმით, იმას, რომ საქართველოში საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება, ბაზარზე მოქმედი კომპანიების მარაგებიც ადასტურებს, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც გადამმუშავებელი ქარხნები ევროპაში აქვთ.
„მარაგი ნებისმიერ კომპანიას ყოველთვის აქვს, ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა გადავალთ სხვა წყაროებზე, ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე. მოგეხსენებათ, საქართველოში არის „რომპეტროლი" „ლუკოილი", რომლებსაც ბულგარეთსა და რუმინეთში საკუთარი ქარხნები აქვს, რაც მაძლევს საშუალებას, ვივარაუდო, რომ დეფიციტი არ შეგვექმნება.
ასევე, უამრავი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა, უბრალოდ ისინი ძალიან შორსაა, რაც ტრანსპორტირებას გაგვიძვირებს და ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ ვარჩევთ ცოტა უფრო ახლოს და მერწმუნეთ, რომ ჩვენი კომპანიები სადაც იაფ საწვავს ნახავენ, იქიდან შემოიტანენ", - ამბობს იობაშვილი.
იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ბოლო დროს ბენზინის ფასის ზრდის ტრენდზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი მომწოდებელ ქვეყანაში არსებული პრობლემებია.
„საწვავის გაძვირება ისევ და ისევ მომწოდებელი ქვეყნის შიდა პრობლემებთან იყო დაკავშირებული. რუსეთმა რამდენჯერმე გააძვირა ნავთობპროდუქტები, ახლა დეფიციტიც შეექმნათ. ყველაზე მოხმარებადი საწვავი „რეგულარია" და თავისთვისაც არ აქვთ, ეს არის სიმართლე, ამან შექმნა ეს კატაკლიზმები ქართულ ბაზარზე.
ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი კომპანიაა, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ნედლი ნავთობი და არც ნავთობგადამამუშავებელი სექტორი, სრულად სხვა ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ ფიქრი გვმართებს, რომ ვისაც შეუძლია, მცირე გადამმუშავებელი ქარხანა მოეწყოს საქართველოში, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე ვიყოთ დამოკიდებული, რაც მომავლისთვისაც ძალიან კარგი იქნება. თუმცა ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ჯერ, ბუნებრივია, სხვა ქვეყანაზე ვიქნებით დამოკიდებული", - ამბობს იობაშვილი.
2023 წლის 8 თვეში საქართველომ $716 მილიონი დოლარის ღირებულის 917 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თუკი უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველო საწვავის უდიდეს ნაწილს ევროკავშირის ქვეყნებისგან - რუმინეთისა და ბულგარეთიდან ყიდულობდა, 2022 წლიდან ბაზარი რუსულ ნავთობზე გადაეწყო. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთიდან $435 მილიონი დოლარის ღირებულების 623 ათასი ტონა რუსული ნავთობი შეიძინა. შესაბამისად, მთლიანი იმპორტის 68% რუსულ საწვავზე მოდის.
წყარო: bm.ge