რეზონანსი
26.09.2023

ბანკებში სიმშვიდეა, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს. კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესები შეაფასა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საფინანსო სექტორი მგრძნობიარეა და აჟიოტაჟი ხშირად აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტულად სექტორის. „ძალიან რთულია, რაიმე დავამატოთ. ვფიქრობ, ნათია თურნავამ საზოგადოებას ძალიან დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენებზე. ვფიქრობ, ძირითად საკითხებზე ამომწურავად არის გაცემული პასუხები. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ, დამაზიანებელია ხოლმე ეს აჟიოტაჟი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. ძირითადად აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე, კონკრეტულად სექტორის. საფინანსო სექტორი მგრძნობიარეა. პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს, არ დავაზიანოთ. ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი, ბანკებშიც აბსოლუტურად სიმშვიდეა, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი. მინდა გითხრათ, რომ მდგრადია საფინანსო სექტორი. ასე, რომ შეიძლება განგებ ჩვენ, ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით დავაზიანოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. ბანკებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასოდეს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, ჩვენ ბანკებში ინვესტორებთან, რათა ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ ძირითად პარტნიორებს, საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები. საქართველო არის საიმედო საინვესტიციო პარტნიორი", - აღნიშნა დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, თუ მავანს ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეროვნული ბანკი ვერ შეინარჩუნებდა სტაბილურ განვითარების საშუალებას, ეს ასე არ იქნება. „ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი პირები რეგულარულად ურთიერთობენ მსხვილ ინვესტორებთან. ეს არის ინსტიტუციურ ინვესტორთა ჯგუფი, ვისთანაც მუდმივი კონსულტაცია გვაქვს, ეს ეხება არაერთი ბანკის ინვესტორს, რეგულარულია წლების განმავლობაში ეს კომუნიკაცია და ასეც გრძელდება. როდესაც არსებობს კითხვები, ჩვენი მხრიდან ხდება ინფორმირება. რეალურად, მათ ობიექტური ინფორმაცია აქვთ და ობიექტური ინფორმაცია მათ უქმნით სტაბილურობის განცდას. საფინანსო სექტორი იმოქმედებს საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, იმ საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს. ეროვნულ ბანკში იქნება სტაბილური ვითარება. თუ მავანს ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეროვნული ბანკი ვერ შეინარჩუნებდა სტაბილურ განვითარების საშუალებას, ეს ასე არ იქნება. ეროვნულ ბანკში გვექნება სტაბილური სიტუაცია, დაკისრებული მოვალეობებს მაღალ დონეზე შეასრულებს", - აღნიშნა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×