
კონსტიტუციურ წარდგინებაში ერთ წინადადებას ვერ წამიკითხავთ, სადაც ობიექტური სამართლებრივი განცდა დაგრჩებათ, რომ ის აგებულია სამართლისგან დაცლილად და თითქოს გარკვეულ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გთხოვთ, ერთი წინადადება წამიკითხეთ კონსტიტუციურ წარდგინებაში, სადაც ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდება განცდა, რომ ეს არის სადამსჯელო წარდგინება და იმპიჩმენტი არის სადამსჯელო ღონისძიება და არა სამართლებრივი. ეს რომ ასე იყოს, იმპიჩმენტის პროცედურა არ უნდა არსებობდეს," - მიმართა ოხანაშვილმა ჟურნალისტს.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ მოსამართლეს არ უთქვამს მტკიცებით ფორმაში, რომ მმართველი გუნდის პოზიცია არ არის არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამყარებული.
„მოსამართლემ თქვა, რომ მას სჭირდება ამ მსჯელობის ფარგლებში კიდევ არგუმენტები, რომელიც მას საბოლოოდ, შესაძლებლობას მისცემს, გადაწყვეტილებაში გამოსახატად შესაბამისი აზრი შეიქმნას. ეს სავსებით ლოგიკურია. თითოეული მოსამართლე ამ ინტერესით არის დღეს აქ შეკრებილი, რომ ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდოთ. განხილვის არსი ეს არის," - აღნიშნა ოხანაშვილმა.