რეზონანსი
28.11.2023

რაც მეტს ვუსმენ ჩვენს ოპონენტებს, მეტად ვრწმუნდები, რომ „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა" - ერთ რაღაცას ვეტყვი ალასანიასაც, სააკაშვილსაც და ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას", რომ არა საარჩევნო გზით, ვერასდროს მოხვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხელისუფლებაში და საქართველოში ძმათაშორის ომი არასდროს აღარ მოხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტიდან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას მიმართა, გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, „რა დაუშავა ქართველმა ხალხმა და საქართველომ მას ასეთი, რომ ასე შეიძულა".

„ჩვენს ოპონენტებს მინდა მივმართო, ვისაც ბატონ ალასანიასთან მიუწვდება ხმა, ჩვენ ეს ბედნიერება არ გაგვაჩნია და თქვენ ვისაც შეგიძლიათ, რომ ამ დიდი „ნაცბელადის" ბიძას სთხოვოთ, ეგება გამობრძანდეს ეს ადამიანი და ქვეყანას აუხსნას, ხალხს უთხრას, რა დაუშავა ქართველმა ხალხმა და საქართველომ ამ კაცს ასეთი, რომ ასე შეიძულა და ეს ბოღმა გააჩნია საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ. ეს ყოვლად ბინძური მუსაიფი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ლიფტში ბიძა -დისშვილს შორის შემდგარი, ერთმანეთს რომ უზიარებდნენ, რა უნდა დამართონ თავის მშობლიურ ხალხს, რომ მერე კარგად მართონ. ეს უბედურება, რომელიც იქ მოისმინა საზოგადოებამ თეორეტიკოსის და პრაქტიკოსის საუბარი, თეორეტიკოსი ბიძა, რომელიც ასწავლის დისშვილს, როგორი ძალადობრივი და ღირსების აყრით უნდა მართო, ერთადერთი გზა არის ქართველების მართვისო, ძალადობით, გაუპატიურებით და ტერორით უნდა მართოო შენი ქვეყანა და დისშვილიც როგორ თანხმდება, როგორ ასრულებს, ცხოვრებაში რეალიზებას როგორ უკეთებს ამ იდეებს. ვაშლი ხომ ვაშლის ხისგან შორს არ ვარდება!

ამ ყველაფრის ფონზე აქ ხომ ძალიან კარგად ჩანს და ლუსტრირება ხდება თვითონ „ნაციონალური მოძრაობის" იმ იდეოლოგიის, რომელიც აქვს პარტიას, სააკაშვილს, ალასანიას და ყველას, რომ არჩევნების გზით თუკი ვერ მოხვალ ხელისუფლებაში, ის ძალადობით მოიპოვო და მეორე ნაწილი, როგორ შემოიტყუო კიდევ ოკუპანტი ქვეყანაში, როგორ ჩააბარო მას ტერიტორიები, როგორ გახადო შენი ქვეყანა ისეთი განსაკუთრებული ინტერესის სფერო, რომ ამ უდიდეს ძალებს შორის დაპირისპირებაში შეიძლება სულ გაქრეს და აორთქლდეს საქართველო, რანაირად უნდა მოახერხო, თუ არა იმით, რაც ალასანიამ ბრძანა.

მაგრამ ერთ რაღაცას ვეტყვი ალასანიასაც, სააკაშვილსაც და ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას", რომ არა საარჩევნო გზით, ვერასდროს მოხვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხელისუფლებაში და მეორე, საქართველოში ძმათაშორის ომი არასდროს აღარ მოხდება. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" და ჩვენ სიყვარულით, ძმობით, ეკონომიკური განვითარებით და ქვეყნის პროგრესით მივაღწევთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×