რეზონანსი
29.02.2024

შალვა პაპუაშვილის და „ქართული ოცნების" ეკონომიკური პარამეტრები ნამდვილად კარგ მდგომარეობაში იქნება, მაგრამ მგონი ერთხელ ქუჩაში უნდა გაიარო და მიხვდები ქართველი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობა როგორია, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ფონდ "ჰერითიჯის" 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და "მთავრობის კეთილსინდისიერების" მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა.

ხვიჩია აცხადებს, რომ თავად ქუჩაში ვერ გრძნობს, რომ ხალხმა ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესა.

„ჩემი აზრით, ბატონი შალვა პაპუაშვილის და "ქართული ოცნების" ეკონომიკური პარამეტრები, ნამდვილად კარგ მდგომარეობაში იქნება, ამიტომ ამაში ისინი მართლები არიან, დარწმუნებული ვარ, მაგრამ რაც შეეხება ქართველი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას, მგონი ქუჩაში უნდა გაიარო ერთხელ, ცენტრში არა თან, თბილისის გარეუბნებში და მიხვდები, ეკონომიკური პარამეტრები მართლა მწყობრშია თუ არა ქართველი ხალხის აზრით. მე ასე ვერ ვგრძნობ სამწუხაროდ, როცა ქუჩაში ვმოძრაობ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე ოპოზიციის ნაწილის პოზიციას და აღნიშნა, რომ ეს „ხალხი შარზეა". რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ამნისტირებაზე "ქართული ოცნების" პოზიციას, ხვიჩია განცხადებით, გაუჭირდება პატიმრებს აუხსნას, რომ ამნისტია მათ არ ეხებათ, რადგან "ვიღაც პატიმარი ზის ციხეში, რომელსაც იგივე მუხლები აქვს მისჯილი და არ გვინდა მას შევახოთ ეს ამნისტია".

„ზოგადად ჩაკორექტირებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა და არ უნდა არაფრის ჩაკორექტირება, ნერვებს უშლით ის, რომ კანონპროექტი შეიტანა ოპოზიციამ, რაღაც კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით "ლელო" არ აწერია ყვითლად ან გახარიები. ეს არის მთავარი პრობლემა, მათ ჩაკორექტირების მიზანი არ გააჩნიათ, უბრალოდ, საქმის გაფუჭება უნდათ პატიმრებისთვის. ჩემი აზრით თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, "ლელოს" ლიდერებმა ან უნდა გადაწყვიტონ, რომ მართლა თაღლითები არიან და მართალი იყო მურუსიძე მათთან ან გადაწყვიტონ, რომ როგორც მათთან შეეშალა მურუსიძეს და მათ მეგობრებს, ზუსტად ისე ეშლებათ ქართველ ხალხთან და ისინიც იმსახურებენ თავისუფლებას ზუსტად ისე, როგორც "ლელოს" ლიდერები დადიან გარეთ.

მიხეილ სააკაშვილი სამოხელეო დანაშაულის გამო ზის და 6 წელი აქვს მისჯილი, ეს ამნისტია ვრცელდება ადამიანებზე, ვისაც სამუდამო პატიმრობაც კი აქვთ მისჯილი და როგორც ავუხსნათ იმ ხალხს, ვინც იგივე მუხლებით ზის ციხეში, რომლითაც სააკაშვილი, რომ ამნისტია იმიტომ არ ეხებათ, რომ ვიღაც პატიმარი ზის ციხეში, რომელსაც იგივე მუხლები აქვს მისჯილი და ჩვენ არ გვინდა მას შევახოთ ამნისტია?! თქვენ აუხსენით, მე გამიჭირდება ამის ახსნა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×