რეზონანსი
15.04.2024

"გამჭვირვალობის" კანონის დეტალური განხილვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უნდა მოხდეს და არა დიპლომატებთან - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი პრემიერის ინიციატივას, რომელმაც ელჩებს, რეზონანსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საჯარო დისკუსია შესთავაზა.

ირაკლი კობახიძის წინადადებას მიესალმებიან უმრავლესობის წევრები. პრემიერის განცხადება გუშინ გავრცელდა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ისევე როგორც პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, გარკვეული უცხოელი დიპლომატების განცხადებებიც არგუმენტებს მოკლებულია.

"დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის, მისი მიღების აუცილებლობის შესახებ" - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, ირაკლი კობახიძე, საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, ფაქტობრივად მტრად აცხადებს.

"ფაქტობრივად, ჩვენს ყველა პარტნიორს მტრად აცხადებს. მთავარი დებატი მას აქვს ქართველ ხალხთან. რომელ ეთერშიც უნდათ, მზად ვართ ვისაუბროთ ამ კანონზე, თუ რატომ არის ის რუსული და რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის ბექა ლილუაშვილის თქმით, კობახიძე ცდილობს საზოგადოების დაპირისპირებაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები შემოიყვანოს.

"ყველაზე დიდი საკითხში, რომელიც ყველაზე დიდ დაპირისპირებას იწვევს საქართველოს საზოგადოებაში და ასეთ საკითხზე დიპლომატიური საზოგადოების შემოყვანა და მათთან ასე ღიად დაპირისპირება, კონკრეტული გზავნილია. ის ცდილობს საზოგადოების დაპირისპირებაში შემოიყვანოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×