თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია სოციალურ ქსელში უნივერსიტეტთან მომხდარ დღევანდელ დაპირისპირებას ეხმიანება:
„საქართველოს ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა. ჩემი პირადი ისტორია რუსეთთან დაკავშირებულია რუსეთის ოკუპაციასთან. მე მაშინ სწორედ სტუდენტურ ასაკში ვიყავი, როდესაც საკუთარ სამშობლოში უსახლკაროდ და უსამშობლოდ დავრჩი.
მინდა გამოვხატო ჩემი სიამაყე განსაკუთრებით ჩვენი ფაკულტეტის არაჩვეულებრივი სტუდენტების მიმართ, იმ კრიტიკული, პატრიოტი ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ჩვენი სამშობლოს მომავალი. მათი ხედვები და მიდგომები საქართველოს ხვალინდელ დღეზე მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება შეძლებს უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობას.
მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტს. ძალადობას არანაირი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. მე ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს" - წერს ზარანდია.
ცნობისთვის, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაური იყო. ადგილზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შენობა, ხმაურის ფონზე დატოვა.
საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრი შეძახილების ფონზე გააცილეს. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდულო ფრთის წარმომადგენლებიც, იყო დაპირისპირებაც ახალგაზრდებს შორის. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.