რეზონანსი
24.05.2024

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა ცოლზე, მარიამ სოფრომაძეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ კი, მისი დახრჩობა სცადა.

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებული ცოლზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. პროკურორის განმარტებითვე, ფიზიკური ძალადობის შესახებ ბრალდებულის დედისთვის ცნობილი იყო, თუმცა ის აღნიშნულს მალავდა.

პროკურორის განმარტებით, 20 მარტს მარიამ სოფრომაძეზე ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ სოფრომაძეს კლინიკაში ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა მან ექიმებს რეალური მიზეზი დაუმალა და მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი არ ყოფილა.

"ყელში ხელის წაჭერის შედეგად დახრჩობა სცადა, ამ ფაქტის დროს კაპილარების ჩაწყვეტა, პირიდან დუჟის გადმოდინება, სისხლის ღებინება და მსგავსი საშინელი შედეგი გამოიწვია ამ დანაშაულმა. სამწუხაროდ, ამ ფაქტს მალავდა როგორც ოჯახი, ასევე მოკლული, დაზარალებული. სამწუხაროდ, აღნიშნულმა ამ მძიმე შედეგამდე მოგვიყვანა", - განაცხადა სონიძემ.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა ჩადენილი დანაშაულის სისასტიკიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

ქეთევან სონიძის თქმით, ბრალდებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლებელი იყო მიმალულიყო. ასევე, მტკიცებულებებსა და მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც არსებობდა, ვიანიდან ის მოკლულის ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის, ცოლის ძმასთანაც დაპირისპირებაში იმყოფებოდა.

"ბრალდებულმა მიზანმიმართულად, 5-ჯერ გაისროლა მსხვერპლების მისამართით და მის მიერ ნასროლი ტყვია შესაძლებელი იყო, მის შვილს, 6 თვის თორნიკე ფირაშვილს მოხვედროდა, ის გადარჩა არა ბრალდებულის გადაწყვეტილებით, არამედ ბედნიერი შემთხვევითობით", - განაცხადა სონიძემ.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას დანიშნავს. სონიძის თქმით, ფირაშვილი მარიხუანას მოიხმარდა, რაც მის ხასიათში ცვლილებას იწვევდა.

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებულს უჭირს, ახსნა მოუძებნოს მომხდარს. ადვოკატის განმარტებით, ის პატიმრობის შუამდგომლობას ეთანხმება, ვინაიდან ეს პატიმრის სურვილია.

ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ბ", „თ", „კ" და „ლ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×