რეზონანსი
27.05.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას მთლიანი კანონი უშლის ხელს! - ეს კანონი მიუღებელია და ამას გეუბნებათ ვენეციის კომისიის 24-გვერდიანი დასკვნა და ეუთო/ოდირის 73-გვერდიანი დასკვნა! - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატების მოთხოვნას, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ის კონკრეტული მუხლები დაესახელებინა, რომლითაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ექმნება საფრთხე.

მსხილაძემ უმრავლესობის პასუხად ხაზგასმით განაცხადა, რომ არსებული კანონი არსებული სახით მთლიანად არის მიუღებელია და აქვე დასძინა, რომ ის კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაში არ შევა.

"კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას - ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს თანასწორობის უფლების შესახებ, 22-ე მუხლს - გაერთიანების თავისუფლების შესახებ, მე-15 მუხლს - პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის ხელშეუხებლობის შესახებ და 78-ე მუხლს - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მიმართა, რომ კონკრეტული მუხლების დასახელების გარეშე იმის თქმის საშუალებას არ მისცემდა, რომ კანონით ვინმეს რაიმე ეზღუდება.

„გაეცით პასუხი, სად წერია, რომ ეზღუდება?! ეს არის ბრალდება, რომ თითქოს ვინმეს რაიმეს ვუზღუდავთ! დაგვარწმუნეთ, რით შეგექმნათ შთაბეჭდილება და რომელი მუხლი გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ რაღაც არის რუსული მეთოდის?! უნდა შემოხვიდე კონკრეტიკაში. სხვა შემთხვევაში უმძიმესი ბრალდებები არის შეურაცხყოფა. კეთილი ინებე და გაეცი პასუხები“, - ასე მიმართა მსხილაძეს ალუდა ღუდუშაურმა.

იგივე მოითხოვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

“ჩვენ გვაინტერესებს შინაარსობრივი პასუხები და არა ზოგადი ბელეტრისტიკა და შეფასებები. თქვენ აქ არა ხართ მოწვეული ექსპერტად - არც პოლიტიკის და არც სამართლებრივ ექსპერტად“, - განაცხადა ოხანაშვილმა გიორგი მსხილაძის მისამართით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×