საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ ტირანაში, ალბანეთს დაუპირისპირდება. ჩეხეთის ნაკრებთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის უკვე ემზადება.
ფეხბურთელები მომავალი მატჩისთვის პოზიტიურად არიან განწყობილი. მანამდე კი კომენტარი დებიუტანტმა შოთა ნონიკაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამაყია, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ფეხბურთელის თქმით, ჩეხეთთან გამარჯვება დასაწყისია იმ გამარჯვების, რაც ეროვნულ ნაკრებს წინ ელოდება.
"დებიუტი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მთელი კარიერის განმავლობაში ამ დღეზე ვოცნებობდი. როდესაც ქვეყნის ჰიმნის ქვეშ ვიდექი და სტადიონზე შევედი, ამაყი ვიყავი, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი. ძალიან მნიშვნელოვანი და რთული გამარჯვება მოიპოვეთ ჩეხეთის წინააღმდეგ. ვიმსახურებდით ამ გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ეს დასაწყისი არის იმ გამარჯვების, რაც ჩვენ წინ გველოდება. ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ თუ შემართებით, ერთიანობით და იმ ჟინით გავალთ, რაც აქამდე ვაჩვენეთ ჩვენმა ნაკრებმა, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება ", - განაცხადა შოთა ნონიკაშვილმა.