ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, საკუთარი მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სადამკვირვებლო მისიის წარდგენას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიციას საარჩევნოდ ჰქონოდა ჯანსაღი და კონკურენტული გარემო.
„ამისთვის ოპოზიციას ეძლევა სოლიდური დაფინანსება ბიუჯეტიდან, აქვთ სრული წვდომა მედიაზე და ქვეყნის მასშტაბით ყველგან შეუძლიათ, პროგრამა თუ ლიდერები წარადგინონ. შესაბამისად, ამ ფონზე სპეკულაციებისთვის სივრცე მინიმუმამდე არის შემცირებული. განსაკუთრებით არჩევნების დღეს, როცა ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული დათვლის სისტემა. პრაქტიკულად გამორიცხულია რაიმე მანიპულაცია ან რაიმე სახის ჩარევა ხმის მიცემის პროცესში. ეს კარგად იციან თვითონ ოპოზიციურმა პარტიებმაც. დამატებით მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. რაც უფრო ფართოდ იქნებიან ისინი წარმოდგენილი, მით უკეთესია და ობიექტური შეფასება იქნება ამ არჩევნების. მით უმეტეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს, როგორმე გადაიყვანოს ეს საარჩევნო პროცესი არადემოკრატიულ რელსებზე და ისევ სცადოს არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში როგორმე, რომელიმე კარიდან დაბრუნება. ამის საშუალება არავის არ ექნება. ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ისე, როგორც 2020 წელს მოიქცნენ, იყო უპასუხისმგებლო და ასეთი ქცევა ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის ძირს უთხრის დემოკრატიას.
ჩვენ გვჭირდება წესების პატივისცემა, შეთანხმება იმაზე, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს და საკუთარი მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის, ზოგჯერ დაფინანსებული კამპანიებით, არის მიუღებელი და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ყველა ობიექტური დამკვირვებელი, საერთაშორისო მისიების ფარგლებში ვინც ჩამოვა, იქნება დამატებითი ფაქტორი, რომ არავინ სცადოს მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით.
„პროცესი იქნება გამჭვირვალე, თავისუფალი. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად. უფრო მაღალი ხარისხით, დაცულობით და ამას დამკვირვებლებიც ნახავენ.
რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, სამწუხაროდ, წარსულში მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ბევრ ასეთ ორგანიზაციას რეპუტაცია აქვს შელახული, მათ მიმართ ნდომა პრაქტიკულად არ არსებობს და ძირითადი ორგანიზაცია, ვინც არჩევნებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა, საერთოდ პარალელური ხმის დათვლის პროცესში გაყალბებაში იყო მხილებული. ამიტომ ეს მართლაც ის ორგანიზაციებია, რომლებიც არათუ არჩევნებს დააკვირდებიან, არამედ პირიქით. საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფხიზლად და ყურადღებით მათი დასკვნების და განცხადებების მიმართ, მით უმეტეს, უკვე წინასწარ ასეთი რამდენიმე ბრალდება მოვისმინეთ, რაც რეალობას მთლიანად არის აცილებული.
ოპოზიცია ახლა ცდილობს ერთადერთს: თავიანთი დაბალი მხარდაჭერა, ეს სისუსტეები, რაც მათ აქვთ ამ წლების განმავლობაში, შეავსონ დამატებითი ფაქტორებით. ამიტომ ზოგჯერ ამოფარებულები არიან მედიას, ზოგჯერ - არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახლა ცდილობენ, ამოეფარონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც თვითონ ქმნიან, თვითონვე არიან იქ წარმოდგენილნი და ეცდებიან, რომ შექმნან სურათი, თითქოს, აი, ასეთი ორგანიზაციები რაღაც მასობრივ დარღვევებს ეძებენ საარჩევნო პროცესში. ასეთი არ იქნება. სჯობს, ყველამ უთხრას საზოგადოებას, რას წარმოადგენენ და რა ინტერესები აქვთ. მით უმეტეს, რომ დღეს დაკვეთა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, ვინ მართლა აკვირდება არჩევნებს და ვინ არის წინასწარ ინსტრუქტაჟით მისული, რომ არჩევნებს ძირი გამოუთხაროს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა" დააფუძნეს. სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთავაზობენ, ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.