საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შედგენისას მთავარი კრიტერიუმებია სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და ღირსება.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიციას განახლების რესურსი არ აქვს.
„ხედავთ ისევ იმ ძველ, გაცვეთილ სახეებსა და ადამიანებს, რომლებსაც ლიდერებად არჩეული ჰყავთ სხვადასხვა ცუდ საქმეზე ნასამართლევი ხალხი. ერთ მხარეს გვყავს სააკაშვილის, 5 ნომრის ლიდერი, რეალურად, საქართველოს მოქალაქეც რომ არ არის, სხვადასხვა დანაშაულზე ნასამართლევი ხალხი სხვადასხვა პარტიის ლიდერებად გვევლინებიან, ხოლო აქეთ არიან ადამიანები, რომლებსაც გამოარჩევს პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, ღირსება. ერთგულად მსახურობდნენ და პოლიტიკაშიც გააგრძელებენ თავისი ქვეყნის მსახურებას. ადამიანები, რომლებთანაც ასოცირდება საკუთარი ქვეყნით, საკუთარი სამშობლოთი სიამაყე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, საარჩევნო სიის ოცეულში მყოფი პირების მიმართ განხორციელდა ფაშისტური ბულინგი, თუმცა ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, სად დგანან და ბულინგს არ დაექვემდებარებიან.
„ჩვენ ვნახეთ ორი მხარე. ერთ მხარეს იყვნენ გახარებული ადამიანები, რომ მათი მხარდაჭერილი პარტია, პარტია, რომელიც ნდობას იმსახურებს, განახლდა იმ ადამიანებით, რომლებითაც ისედაც ამაყობდნენ. ვნახეთ დიდი ენთუზიაზმით გამოხატული ემოციები, მათ შორის სოციალურ ქსელებში. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, ამომრჩეველს, ობიექტურად მოფიქრალ ადამიანს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდება ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ჟიული შარტავას შვილიშვილი და ა.შ. ახალი წარმატებული სახეები „ქართული ოცნების“ რიგებში. ეს ბუნებრივი ამბავია, მაგრამ რამდენადაც ჩვენს მხარდამჭერებს, ობიექტურ ადამიანებს გაუხარდათ, სამწუხაროდ, იმდენად გამწარდნენ აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერებიც, ძირითადად, მათი ლიდერები. იკადრეს უკადრებელი, მაგრამ ხომ უნდა დაუშვა, რომ ლაშა ტალახაძის, გენო პეტრიაშვილის და ასეთი ხალხის დაბულინგება არ შეიძლება. ისინი მარტო ფიზიკურად კი არ არიან ძლიერი, ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძლიერები არიან. არ არსებობს ჩვენს გუნდში ადამიანი, არ არსებობს იმ ოცეულში ადამიანი, რომელიც არ არის მყარი ფსიქიკის და ასეთ სისულელეებს, მდაბიო, გოიმურ, მარაზმამდე დასულ ბულინგს დაექვემდებარება. ჩვეულებრივი აგენტურული, ფაშისტური ბულინგი იყო მათ მიმართ, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, სად არიან, რას ემსახურებიან, რომ ეს არის საკუთარი სამშობლო. ამას ემსახურებოდნენ და მის მსახურებას გააგრძელებენ. ამიტომ ეს სულელური, გოიმური, ფაშისტური ბულინგები არის ისეთივე წარმავალი, როგორიც მათი არგუმენტები. ისევეა ჰაერში, როგორც მათი არგუმენტები.
რომ ამბობენ, პოლიტიკა სპორტსმენების საქმე არ არისო, თუ შეიძლება მითხრათ, რომელი პროფესიის საქმეა პოლიტიკა. მე ადვოკატი, იურისტი ვიყავი და იურისტის საქმე არის პოლიტიკა, ცალკე აღებული? მაშინ უნდა დავრჩენილიყავი მეც ადვოკატად. შემთხვევით კი არ მითქვამს გოიმური, ეს არის მათი ვორდინგის მთელი მარაზმი და რაღაცებს იგონებენ. პოლიტიკა არის ყველას საქმე, სპორტსმენის, იურისტის, ექიმის, ყველას საქმეა, ვინც გადაწყვეტს და ვისთანაც შედგება კონსულტაცია, რომ მან პოლიტიკაში გააგრძელოს თავისი ძალიან წარმატებული კარიერა. პოლიტიკა ეხება ყველას, ყველა ადამიანს და სპორტსმენის საქმე არ არის, იურისტის საქმე არ არის, ექიმის საქმე არ არის, აბა, ვისი საქმეა? ხვალ რომ გადაწყვიტოთ რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, ამისთვის ვიღაცებმა ფაშისტური ბულინგი უნდა მოგიწყონ? ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ეს არის გოიმობა, მარაზმი და წარმოუდგენელი ლოგიკა, რომელიც გამწარებულმა, გადაფსიხებულმა აგენტურამ გუშინ ამოანთხია სოციალურ ქსელში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ გუშინ, 10 სეტქემბერს საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.