დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს, - ამის შესახებ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია EUROPRIS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გუსტავ ტალვინგინმა განაცხადა, რითაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიღწეული პროგრესი შეაფასა.
ამასთან, ტალვინგინმა ამ მნიშვნელოვან საქმეში საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირად წვლილზე ისაუბრა
„საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე, დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უწყვეტად ცდილობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს", - ამის შესახებ გუსტავ ტალვინგინმა პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობენ.
ტალვინგმა რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელზედაც საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციის პროგრამებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს.
„მე გაკვირვებული დავრჩი, თუ როგორ სიღრმისეულად იყო დაინტერესებული საქართველოს იუსტიციის მინისტრი სასჯელაღსრულების საკითხებით. ზოგადად, როდესაც მინისტრებს ვხვდები, როგორც წესი, საუბარი 15 წუთს გრძელდება ხოლმე, მაგრამ ბატონმა ბრეგაძემ 2 საათზე მეტი დრო დაუთმო ჩვენს შეხვედრას და დეტალურად მიხსნიდა, თუ როგორ მუშაობს და ვითარდება ეს სამსახური საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გაწეული ძალისხმევისთვის", - განაცხადა ტალვინგინმა.