უნდა გქონდეს ისეთ რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს - ასე პასუხობს პრემიერი კობახიძე ოლიგარქ ივანიშვილისთვის, ოპოზიციისა და პრეზიდენტის მხრიდან, დებატების შეთავაზებას. კობახიძე ამბობს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარესა და სიის პირველ ნომერთან დებატების რესურსი ოპოზიციას არ აქვს:
"მე მისი სახელით ვერ გავცემ ამ კითხვას პასუხს, მაგრამ მე მგონი, რომ ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც კი, რომ რამენაირად მოინდომონ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა. უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არც ერთი ოპოზიციონერი. უნდა გქონდეს ისეთ რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს" ამბობს კობახიძე.
თავად კი მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა იმეორებს რომ ოპონენტები მასთან დებატებს საპარლამენტო ფორმატში უკვე "ექვსჯერ გაექცნენ":
"ისინი გაურბიან დებატებს, მე პირადად მზად ვარ. პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე. მათ ჰქონდათ შანსი თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, შემდეგ იყო ივნისი ახლა არის უკვე სექტემბერი. ექვსჯერ ჰქონდათ შანსი, რომ ჩემთან გამართულიყო საპარლამენტო დებატები, ექვსივეჯერ გაექცნენ.
რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კი ბატონო, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ არის. იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ" ამბობს კობახიძე.