უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დანიისგან 40.7 მილიონი ევროს დახმარება იმ პაკეტიდან მიიღო, რომელიც უკრაინული იარაღის წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, რადგან დანიამ გამოყო 50 მილიონი ევრო, უკრაინული თვითმავალი საარტილერიო სისტემის [ე.წ.] ბოჰდანას წარმოებისთვის“, - თქვა რუსტემ უმეროვმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, დანიის მაგალითი არის სიგნალი უკრაინის ყველა პარტნიორისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირების მნიშვნელობის შესახებ.
დანიის თავდაცვის მინისტრის ლუნდ პულსენის თქმით, უკრაინაში იარაღის წარმოება გაცილებით იაფია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. შესაბამისად დაფინანსებაც სწორედ ამას ეხებბა.
აღსანიშნავია, რომ დანია ევროკავშირში პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას, უკრაინელი მწარმოებლისგან შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვისთვის თანხები გამოუყო.