"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ემიგრანტების ხმების დაცვისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. კერძოდ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევის შედეგად, 26 ოქტომბრის არჩევნებში დამატებით 800-ზე მეტ ქართველ ემიგრანტს ხმის მიცემა უკვე შეუძლია, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად ბრძოლა კვლავ გრძელდება.
"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის ხმისთვის. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემით, ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა. ეს არის ჩვენი პირველი წარმატება, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეული ხმის დასაცავად იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ გვქონდეს ევროპული მომავალი," - განაცხადა თამარ კორძაიამ.