საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერების, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს - ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება განაგრძოს.
„ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მხარეში, კახეთში. ჩვენი გუნდის წევრებს შევხვდი. თითოეული შტაბის მუშაობას გავეცანი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. მჯერა, რომ კახეთი თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის.
საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერების, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს. ესაა ჩემი მთავარი გზავნილი. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული იმის საჭიროება, თუ რა შედეგი უნდა დადგეს ამ არჩევნებით. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას, ღირსეულ მომავალს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან და მჯერა, ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ყველა პარტიას ეძლევა ამის საშუალება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებში მაქსიმალური შედეგის მიღწევა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.