"ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან კონკრეტული და მარტივია, საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს კეთილდღეობასა და ჭაობს შორის.
“26 ოქტომბერს ის უბედურება რაც დღეს საქართველოში ხდება დასრულდება. პირობას გაძლევთ, გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა.
აქედან მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, შენი დრო დამთავრდა, ჩვენს ქვეყანაში იმარჯვებს ხალხი და ევროპისკენ მივდივართ. 26 ოქტომბერს ვიშორებთ “ქართულ ოცნებას” და უსწრაფესად ვიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანებას. ვიხსნით წვდომას 14 მილიარდიან ფონდზე. ვანულებთ საპენსიო სესხებს, ვზრდით პენსიებს ასაკით პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, შშმ პირებისთვის და ომის ვეტერანებითვის. ვიწყებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. ვამთავრებთ ცენტრალურ მაგისტრალს, ვიწყებთ ლაზიკის პროექტის აღმშენებლობას.
ვაფართოებთ ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს. ევროკავშირში პირდაპირ ფრენებს ვიწყებთ. ვქმნით სამუშაო ადგილებს, რომლის ანაზღაურებაც საშუალო 3000, ხოლო მინიმალური 1500 ლარი იქნება.
ყველა რეგიონში იქნება საწარმო სადაც ქართველი ხალხი ღირსეულად, მაღალი ანაზღაურებით იქნება დასაქმებული. გნავავითარებთ სოფლებს, აბსოლუტურად ყველა სოფელში მივა გზა, წყალი და სწრაფი ინტერნეტი. ასევე წამოვიწყებთ პროგრამას სოფელში მაცხოვრებელთათვის, ყველა ადამიანი, რომელიც სოფლად ცხოვრობს ყოველთვიურად მიიღებს 300 ლარიან დახმარებას, რათა სოფლები არ დაცარიელდეს.
ვიწყებთ ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროექტს, მილიარდიანი ფონდი, უამრავი პროექტი, რომელიც გაიხსნება ემიგრანტებისთვის, რათა დაბრუდნენ სამშობლოში და მცირე ბიზნესი წამოიწყონ.
ვიწყებთ ფუნდამენტურ რეფორმებს მართლმსაჯულებაში იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი. ჩვენი ყურადღების განსაკუთრებული ცენტრი იქნება კულტურული სფერო, თბილისი და საქართველო ევროპის კულტურული ცენტრი იქნება.
ახალგაზრდებისთვის ვქმნით სრულიად ახალ ცოდნის კერებს, მთელ საქართველოში სადაც არის უნივერსიტეტები გაიხსნება საუნივერისტეტო ქალაქები, სადაც ადამიანებს ექნებათ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი. ყველა სტუდენტს დაურიგდება მაკბუქები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დარჩება ადამიანი, ვინც სამუშაო ადგილს ვერ მოიპოვებს ქვეყანაში. განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი იქნება ჩვენთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები“, - განაცხადა ვაშაძემ.