ჰარისი თუ ტრამპი? ამერიკაში 47-ე პრეზიდენტს ირჩევენ. კამპანია დასრულებულია. ვერმონტის შტატში ადგილობრივი დროით 05:00 საათზე პირველი საარჩევნო უბნები გაიხსნა. 81 მილიონმა ამომრჩეველმა ხმა წინასწარ მისცა. პირველი უბანი ნიუ ჰემფშირში დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში შუაღამისას გაიხსნა, 3-3-ის წინააღმდეგ - ასეთი იყო შედეგი. იგივე მოლოდინია მთლიანად შტატებში, არჩევნების ბედი მერყევ შტატებში წყდება, ამიტომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ბოლო გამოსვლა სწორედ ასეთ შტატში, პენსილვანიაში შედგა. კარდაკარ სიარული, ამომრჩეველთან პირადად მისვლა ან კაფეში გაჩერება - ასეთი იყო დემოკრატი კანდიდატის კამპანიის ბოლო დღე.
მერყევ შტატში დაასრულა საარჩევნო კამპანია დონალდ ტრამპმაც. თქვა, რომ ბოლოჯერ იყრის კენჭს. მიჩიგანში სიტყვით 2 საათიანი გამოსვლისას ყოფილი პრეზიდენტი ისევ თავდასხმის რეჟიმში იმყოფებოდა.
48-48 %ზე - ბოლო გამოკითხვებით ასე გამოიყურება ჰარის-ტრამპის მხარდაჭერა. პენსილვანიის შტატმა შესაძლოა, ამ არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე საათია, რაც კენჭისყრა დაიწყო. ამერიკაში ფიქრობენ, რომ შედეგების გამოცხადებას კენჭისყრის დასრულების შემდეგ მალე არ უნდა ველოდოთ, რთული არჩევნებია, ამიტომ ოფიციალური შედეგის გაცხადებას რამდენიმე დღე დასჭირდება, ისევე, როგორც ეს 2020 წელს მოხდა.