რეზონანსი
06.11.2024

ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, პარლამენტების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები. 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროკავშირს და მის ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს მოუწოდებენ, ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, რომლებიც საარჩევნო პროცესის დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები, სანქციები დააკისრონ.

მოთხოვნებს შორისაა უვიზო რეჟიმის შეჩერება და ყველა ფონდის გაყინვა, რომელიც ჩართულია საქართველოს სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტებში, სანაცვლოდ კი, გაიზარდოს ფინანსური დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის:

"მტკიცე სოლიდარობით ვდგავართ რა იმ ერების გვერდით, რომლებიც იცავენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებს, მტკიცედ ვდგავართ რა ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევანის გვერდით, ღრმა სინანულით აღვნიშნავთ რა საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის, ვიმეორებთ რა ჩვენს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები აღინიშნა უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით, რომლებიც დაფიქსირდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აღვნიშნავთ რა, რომ არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობა არის ევროპული ღირებულებების განუყოფელი ნაწილი და საფუძველი, რომლის მიმართაც საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება, მოვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს:

- რომ ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულირების შესახებ (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩეველთა დაშინებასა და ხმის მოსყიდვასთან დაკავშირებით, გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული.

- ბრალდებების სერიოზულობიდან გამომდინარე, მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მიეცეს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიების შესაძლებლობა;

- ხმის მიცემის ოქმების ხელმისაწვდომობა და საჯარო გამჭვირვალობა, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს, არის თუ არა ინფორმაცია მათი ხმის მიცემის ფაქტის, დროისა და ადგილის შესახებ ფაქტობრივად ზუსტი;

- იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ვინც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევაზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მთელი საარჩევნო პროცესის დროს.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს ყველა ფონდი, რომელიც ჩართულია საქართველოს სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტებში, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და კანონის უზენაესობის სტრუქტურების ჩამოყალიბებაში არიან ჩართულები. ამავდროულად, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაზარდონ ფინანსური დახმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საფუძველზე.

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სავიზო თავისუფლება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის კომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს, მათ შორის განიხილონ მისი სრული შეჩერების შესაძლებლობა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი არ იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევანის მხარდაჭერას.

ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში." ნათქვამია ერთობლივ წერილში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×