რეზონანსი
08.11.2024

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს პირველ პირებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ილია მართლის გზაზე ატარონ, დიდი მადლობა ჩვენს ხალხს, რომელმაც ყველანაირ კეთილდღეობას, ყველანაირ სხვაგვარად დაფასებას ამჯობინა, იყოს უფალთან, უფლის გზაზე იაროს, - ამის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ყვარლის, ლაგოდეხისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა წინამძღოლმა, მეუფე თეოდორემ „ილიაობა 24"-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს, სწორედ, ამ გზას ადგას ქვეყანა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„ყველაზე მთავარი, რაც ილია მართალმა დაგვიტოვა, სამ სიტყვაში გამოიხატება - ეს არის გზა, რომელ გზაზეც უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ. გზაზე, რომელზეც შეიძლება კეთილდღეობა იმდენი არ იყოს, მაგრამ იყოს ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარული, გზაზე, რომელმაც თითოეული ჩვენგანი უფალთან უნდა მიგვიყვანოს. მე მინდა, მადლობა შევწირო უფალს, რომ დღევანდელ დღეს, მე ვფიქრობ, სწორედ ამ გზაზე ვდგავართ და ჩვენი ქვეყანა ვითარდება ისე, რომ ჩვენი შვილები უფლის გზაზე დგანან და უფალთან მივლენ. სწორედ, ეს არის მთავარი შინაარსი ჩვენი ცხოვრებისა. ჩვენი ქვეყანა ამით გადარჩა, ამან გადაარჩინა ჩვენი სამშობლო იმ უთვალავი მტრის ხელში, რომელიც ჩვენ მუდმივად გარს გვერტყა. ჩვენ გადაგვარჩინა უფალმა, იმან, რომ ჩვენი ხალხი ყველანაირ კეთილდღეობაზე წინ ღმერთს აყენებდა და მე ვფიქრობ, რომ დღეს ასე მივდივართ და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ სხვლას. ჩვენი შვილები ასე ივლიან, რომ არ გადაუხვიონ ილია მართლის დანატოვარ გზას, ეს არის - „მამული, ენა, სარწმუნოება", რომელიც შემდგომ უკვე, დღევანდელობაში მეორე ილიამ თავისებურად წარმოთქვა, ჩვენმა პატრიარქმა თქვა - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", ეს ორივე ერთი და იგივე გზაა, გზა, რომელიც უფალთან მიგვიყვანს და ვმადლობ უფალს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ გზაზე სიარული.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს პირველ პირებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გზაზე ატარონ და დიდი მადლობა ჩვენს ხალხს, რომლებმაც ყველანაირ კეთილდღეობას, ყველანაირ სხვაგვარად დაფასებას ამჯობინა, რომ უფალთან იყოს და უფლის გზაზე იაროს,"- განაცხადა მეუფე თეოდორემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×