არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც დადგა - მთელი რვა საათის განმავლობაში თითქოს სიმართლის დადგენა მიმდინარეობდა, მაშინ, როცა წინასწარვე იყო მათთვის ყველაფერი ცნობილი , - აღნიშნულის შესახებ ცესკოში „ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ცესკო-ში სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების დღეს ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა.
"აქ, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებულიყო, ეს ცესკო-სთვის დიდი პასუხისმგებლობის აღიარება იქნებოდა. არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც დადგა. შესაბამისად, მთელი რვა საათის განმავლობაში თითქოს სიმართლის დადგენა მიმდინარეობდა, მაშინ როცა წინასწარვე იყო მათთვის ყველაფერი ცნობილი. კერძოდ, ყველა იმ პირმა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დაუჭირეს საჩივრების არ დაკმაყოფილებას, ძალიან ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და აპირებდნენ. ისინი შეეცადნენ, რომ ამით დეკორაციული პროცესი შეექმნათ. ბუნებრივია, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი შესაძლო სიმართლე, რომ ფარულობის პრინციპი არის მასობრივად დარღვეული 2263 უბანზე, სადაც არის 90% საქართველოს ამომრჩევლებისა.
ფარულობის პრინციპის დარღვევა არის აშკარად სახეზე. იქიდან გამომდინარე, რომ ერთგვაროვანი იყო ეს პრობლემა, რამდენიმე შემთხვევაც არის საკმარისი იმისთვის, რომ ამის მასობრიობაზე და მსუსხავ ეფექტზე ვისაუბროთ", - განაცხადა სიორიძემ.
ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, „ახალი გარემოება არ გამოკვეთილა", რაც „დამატებით არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების პოზიციას", ამასთან, მისი თქმით, საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად.