ვილი სანიოლთან გაფორმდა ახალი კონტრაქტი - ფეხბურთის ფედერაცია უახლეს ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
ახალი კონტრაქტის თანახმად ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმედოვნებს, რომ ფრანგი მწვრთნელი ნაკრებთან ერთად მომავალში კიდევ უფრო მეტ შედეგებს მიაღწევს.
"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს ვილი სანიოლთან ერთად და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას და დარწმუნებული ვარ, მომავალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ უფრო მეტი შედეგს მიაღწევს", - განაცხად აკობიაშვილმა.
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი კი აცხადებს, რომ ვინი სანიოლის მიმართ, ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენს ინტერესს, შესაბამისად, მოხარულია, რომ მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა.
"ძალიან მიხარია, რომ ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შევძელით. ძალიან ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენდა ინტერესს მის მიმართ. ერთად დიდი და წარმატებით გზა გამოვიარეთ. ჩვენი მიზანია, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და უფრო მეტს მივაღწიოთ ერთად", - აღნიშნავს იაშვილი.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აღნიშნავს, რომ საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ ჰქონია.
"მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო", - აღნისნავს სანიოლი.
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა.
ეროვნული ნაკრების ვებგვერდის თანახმად, ვილი სანიოლს უკავშირდება საქართველოს ნაკრების ყველაზე წარმატებული პერიოდი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. უეფას ერთა ლიგის C ლიგაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის B ლიგაში ასპარეზობს.
2025 წლიდან ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის წილისყრა13 დეკემბერს გაიმართება.