დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, ინაუგურაციის შემდეგ 20 იანვარს შეუდგება. ვისთან ერთად დაბრუნდება ამერიკის 47-ე პრეზიდენტი თეთრ სახლში - მედიამ გაარკვია, რომ ტრამპის წინა ადმინისტრაციიდან ოვალურ კაბინეტში, ახლა მხოლოდ ერთეულები მოხვდებიან.
ირკვევა, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის პოსტზე შესაძლოა ფლორიდის შტატის გუბერნატორი მარკო რუბიო დანიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times და The Wall Street Journal ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ. მედიის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა რუბიოს კანდიდატურა აქტიურად განიხილება. ფლორიდის შტატის გუბერნატორი ტრამპის საგარეო პოლიტიკის ხედვის მხარდამჭერია.
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი მაიკ უოლტსი. The Wall Street Journal-ის, Associated Press-ისა და CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა უკვე შესთავაზა. 50 წლის უოლცი ფლორიდელი კონგრესმენია. 20 წელზე მეტ ხანს იმსახურა სპეციალური დანიშნულების ძალებში. მონაწილეობდა ავღანეთში ამერიკის სამხედრო ოპერაციაში.
ცნობილი ხდება ისიც, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ამერიკაში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებას ტომ ჰომანი უხელმძღვანელებს, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
2025 წლიდან, გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი ელის სტეფანიკი იქნება. ის ამჟამად კონგრესში ნიუ-იორკის რესპუბლიკელი წარმომადგენელი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა კონფერენციის თავმჯდომარეა. სტეფანიკი არჩეულ პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერია. ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომენტარი უკვე გაკეთდა გაეროში.
მეორედ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ტრამპის პირველი საკადრო გადაწყვეტილება პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის პოსტზე სიუზი უაილსის დანიშვნა იყო. 62 წლის სიუზიმ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას უხელმძღვანელა და ახლა ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრ სახლში ამ თანამდებობას დაიკავებს. სიუზიზგან განსხვავებით, საკუთარი დანიშვნის შესახებ ჯერ არ სმენია რობერტ კენედი უმცროსს. ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი მის მხარდამჭერ მოძრაობას "აქციე ამერიკა ისევ ჯანმრთელი" - ხელმძღვანელობდა. გაურკვეველია ილონ მასკის დანიშვნის საკითხიც. CNN წერს, რომ SpaceX -ის დამფუძნებელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობაზე უარს თავად იტყვის. თუმცა ბიზნესმენი ტრამპის ნდობით აღჭურვილ პირთა ვიწრო წრეში შევა, რომელიც გარკვეული საკითხების ანალიზზე, შესწავლასა და კვლევებზე იმუშავებს.