მაინინგის შედეგად ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების გამო სვანეთში ქსელის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში (სემეკ) განაცხადეს.
საქმე ისაა, რომ სვანეთში კვლავ გამოწვევად რჩება უკონტროლო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდა, რასაც ქსელი ვერ უძლებს. სემეკმა საკითხის გადასაჭრელად გეგმა ჯერ კიდევ 2020 წელს მოამზადა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ უთხრა, რომ გეგმის განახლება იგეგმებოდა.
როგორც სემეკში განმარტავენ, ადგილზე შეისწავლეს გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა და ის კრიტიკულია. ამის საფუძველზე, კომისია გეგმის განახლებაზე მუშაობს.
ამასთან, სემეკში აფიქსირებენ, რომ იზიარებენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას და მიაჩნიათ, რომ უნდა აღიკვეთოს უკანონო მაინინგისთვის ელექტროენერგიის მოხმარება.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, სემეკმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც შეეხება სვანეთში ელექტროენერგიის კანონიერ მოხმარებას.
სემეკის წარმომადგენლებმა სვანეთში ადგილზე შეისწავლეს გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა. უკანონო მაინინგის ქსელზე მიერთების და მათ მიერ გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე ქსელის მდგომარეობა კრიტიკულია რის საფუძველზეც მიმდინარეობს მუშაობა სამოქმედო გეგმის განახლებაზე. სრულად ვეთანხმებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და კომისიის პოზიციაა, რომ უნდა აღიკვეთოს უკანონო მაინინგისთვის ელექტროენერგიის მოხმარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა", -თქვეს სემეკში.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერიაში აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან და მაინერების მფლობელებს მოუწოდებენ, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. როგორც მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა თქვა, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო და წინასაარჩევნო შეხვედრებზე იყო მოსახლეობასთან საუბარი, მათ შორის გაფრთხილება, რომ ეს ცუდი შედეგით დასრულდებოდა.
თავის მხრივ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ ეს არ არის ავარიული გამორთვა და გაზრდილმა ტვირთებმა გამოიწვია. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში" აღნიშნეს, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.
წყარო: bm.ge