რეზონანსი
13.11.2024

როგორ შეიძლება დამნაშავე ცდილობდეს გამოიძიოს თავისივე დანაშაული, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ იქნა ჩადენილი დანაშაული და, ცხადია, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი პროკურატურა დანაშაულს არ გამოიძიებს და არც აქვთ ამოცანა, დაადგინონ ჭეშმარიტება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვამდე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე ფიქრობს, გამომძიებლებთან დაკითხვა იქნება ფორმალური გასაუბრება, რადგან მისი თქმით, მათი ამოცანაა, შექმნან „ყალბი პროცესი“, თითქოს, „განცხადებებით დაინტერესდნენ“.

„გამუდმებით იმეორებენ, რატომ არ წარვუდგენთ პროკურატურას მტკიცებულებებს, თურმე პროკურატურის ამოცანა ის კი არ არის, რომ გამოიძიოს, თურმე პროკურატურამ უნდა შეაგროვოს ოპოზიციის მიერ გამოძიებული შედეგები. ეს ხომ აბსურდია და სიმართლის თავდაყირა დაყენება. პროკურატურას გამოძიების არანაირი ამოცანა არ აქვს იმიტომ, რომ მათი ამოცანაა შექმნან ყალბი პროცესი, თითქოს, განცხადებებით დაინტერესდნენ.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ფორმალური გასაუბრება, რადგან პროკურატურას უკვე დადგენილი უნდა ჰყავდეს ის ადამიანები, რომლებიც სიყალბეს სჩადიოდნენ. ცხადია, აქამდე არანაირი გამოძიება არ ყოფილა, არც ის ადამიანები არიან პასუხისმგებლობაში მიცემულები, რომლებიც კანონდარღვევას სჩადიოდნენ საჯაროდ და ყველას დასანახად.

ათასობით მტკიცებულებაა, რომელიც არ გამოძიებულა. არ არის სურვილი, რომ გამოიძიონ. როგორ შეიძლება დამნაშავე ცდილობდეს, გამოიძიოს თავისივე დანაშაული, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ იქნა ჩადენილი დანაშაული და , ცხადია „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი პროკურატურა არ გამოიძიებს და არც აქვთ ამოცანა, დაადგინონ ჭეშმარიტება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „ტვ პირველთან“.

ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ის დღეს აპირებს პროკურატურას გადასცეს ის მტკიცებულებები, რომლებიც ოპოზიციამ მოაგროვა.

„პროკურატურას გადავცემთ მტკიცებულებებს, რაც გვაქვს. ამ ანგარიშში მკაფიოდ არის განმარტებული თუ რას ეყრდნობოდა გაყალბების სქემები, როგორ მუშაობდა გაყალბების სქემები“,- აცხადებს ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევაზე, ლონდა თოლორაია.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი, თუმცა უწყებაში კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ინფორმაციას არ აჟღერებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×