ტრამპის გეგმა რუსეთ-უკრაინის ომზე: რა ინფორმაციას ავრცელებს Fox News წყაროზე დაყრდნობით - "ნახავთ ადამიანს, რომელსაც დაევალება გამოსავლის პოვნა"
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება დაევალება.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ნახავთ ძალიან მაღალი თანამდებობის წარმომადგენელს, დიდი სანდოობის მქონე ადამიანს, რომელსაც დაევალება გამოსავლის პოვნა, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა. ამას მალე ნახავთ," - განაცხადა გამოცემის წყარომ.
აღინიშნება, რომ ეს ანაზღაურებადი სამუშაო არ იქნება.
ცნობისთვის, 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით უკრაინაზე სპეციალური წარმომადგენლის ვალდებულებებს კურტ ვოლკერი ნებაყოფლობით ასრულებდა.
კამპანიის დროს, ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომი ერთ დღეში დაასრულოს. კითხვაზე, თუ - როგორ? - მას კონკრეტული არაფერი უთქვამს და ზოგად პასუხებს სცემდა, მიანიშნა შეთანხმების, ასევე ამ შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობის მნიშვნელობაზე.
ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების შტაბის ორი ყოფილი უფროსისა და მრჩევლების მიერ მაისში დაწერილ კვლევით ნაშრომში აღნიშნული იყო, რომ აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა გააგრძელოს, მაგრამ კიევის მიერ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობით.
მათივე თქმით, რუსეთის წასახალისებლად, დასავლეთი უკრაინის ნატოში გაწევრების გადადების დაპირებას გასცემს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ნატოში გაწევრება ასე ძალიან სურს. ყოფილმა მრჩევლებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ რუსული ოკუპაციისგან თავისი ტერიტორიის სრულად დაბრუნების იმედი არ უნდა დაკარგოს, მაგრამ მოლაპარაკებები არსებული ფრონტის ხაზების საფუძველზე უნდა აწარმოოს.