არაფერი არ დასრულებულა, არამედ ახლა იწყება. სცენარი, რომელიც ახლა განვითარდა, ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და წინასწარ ნაფიქრიც გვქონდა და ჩვენ ხმებს ვიცავთ - „ქართულ ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ ორბანის ჩამოსვლით ლეგიტიმაციას მიიღებდა, თუმცა საპირისპირო მიიღო, სრული გარიყვა , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, 26 ოქტომბერს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებებსა და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკებს აცნობენ.
მისი თქმით, პარტია ხმებს სამი გზით იცავს, რომელშიც როგორც ქუჩის პროტესტი და საკანონმდებლო ორგანოში არ შესვლა, ისე საერთაშორისო მხარდაჭერა მოიაზრება.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების ნებისმიერი მანიპულაციური მცდელობა უშედეგო იქნება და აქვე აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც მოცემულ „სიყალბეს“ სახეს შეუცვლის.
„რუსეთის ჩარევა არჩევნებში მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებშიც მომხდარა და ამის ფაქტებიც არსებობს, ეს არის მექანიზმი, რომელსაც წლების განმავლობაში გამოძიება დასჭირდა, თუმცა ეს სქემები გაიშიფრა.
სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით მზად ტექნიკურად, საქმე გაიშიფრა და დღეს ჩვენ არ ვაცეცებთ ჰაერში ხელებს, ვლაპარაკობთ კონკრეტულ ფაქტებზე, ჩვენს გარდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საზოგადოებამ თუ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გავხეთქეთ ეს სქემა და აქ პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მისი პოლიტიკური მყარი პოზიციით, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები არავინ არ აღიარა. ის, რომ მეორე დღესვე მთელი მსოფლიო ჩამწკრივდა და თქვა, რომ ეს არის მოპარული არჩევნები, სწორედ იმ მომზადებულობის, მათ შორის წინასწარი მომზადების - ტექნიკური მომზადების შედეგია. ჩვენ ამ ხმებს ვიცავთ, არაფერი არ დასრულებულა, არამედ ახლა იწყება. სცენარი, რომელიც ახლა განვითარდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და წინასწარ ნაფიქრიც გვქონდა და ჩვენ ხმებს ვიცავთ, მინდა ვუთხრა ყველა ჩვენ ამომრჩევლებს, მადლობასთან ერთად.
ჩვენ მათ ხმებს სამი კონკრეტული გზით ვიცავთ, პირველი ეს არის ქუჩაში პროტესტი, რომელიც იქნება შედეგიანი.
მეორე, პარლამენტში ფეხის არ შედგმა კი არა, პარლამენტთან არ გაკარება, რომელიც ღალატის ტოლფასი იქნება და მე ოპოზიციაში მოღალატეებს არ ვიცნობ.
მესამე ეს არის საერთაშორისო უდიდესი მხარდაჭერა.
ყველა ინსტიტუტს თავისი ტექნოლოგია, ფორმა და ტექსტი აქვს. მაგალითად გამოვიდნენ პრეზიდენტები და ამ ყველაფერს რაღაც უბედურება დაარქვეს, რაც არჩვების მოპარვა იყო. რომ შევაჯამო ყველა, ტექნოლოგია იქნება ეს, ფორმა თუ სიტყვები, არავინ არ აღიარებს, რომ ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად ჩატარდა.
„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა იმედი, რომ ორბანის ჩამოსვლით ლეგიტიმაციას მიიღებდა, საპირისპირო მიიღო, გარიყვა სრული. მათი ნებისმიერი მცდელობა მანიპულაციის რაღაც სიტყვებით, ნულით დასრულდება. გამოსულია ბაიდენი, მთელი მსოფლიო, ჩამოვიდა დელეგაცია - უმაღლესი პოლიტიკოსები მთელი ევროპიდან და მიმართეს პირდაპირ ხალხს.
აბსოლუტურად ცალსახაა ეს სურათი. არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულ სიყალბეს რაიმე სახით შეცვლის“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.