საპროტესტო აქციის ცალკეული მონაწილე სამართალდამცავებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიჰყავთ.
ახლობლებისთვის უცნობია, რა მიზნით ახდენენ სამართალდამცავები მათ კრიმინალურ დეპარტამენტში გადაყვანას.
„ჩემს მეუღლეს, რომელიც აქციაზე დააკავეს, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გუშინ ამოეწურა. დღეს, მისი ძმის სახლთან ისევ დაგვხვდა პოლიცია და ისევ წაიყვანეს. სავარაუდოდ, გამოკითხვა მიმდინარეობს. ადვოკატთან ერთად კრიმინალურ დეპარტამენტთან ვარ, თუმცა ადვოკატს ჩემს მეუღლესთან შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი მომიტინგის მეუღლემ.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიიყვანეს აქციის სხვა მონაწილეებიც.
„ჩემი ოჯახის წევრი მოიყვანეს. გამოკითხვაზე უარი თქვა და მოითხოვა, რომ სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით მომხდარიყო მისთვის ჩვენების ჩამორთმევა, მაგრამ ხელი კრეს და შეაგდეს განყოფილებაში“, - აღნიშნა კიდევ ერთი მომიტინგის ოჯახის წევრმა.
მსგავსი შემთხვევის შესახებ წერენ სოციალურ ქსელშიც.
„ჩემს ძმას, რომელიც 26 ნოემბერს დააკავეს აქციაზე და ჯარიმა დააკისრეს, დღეს შავრაზმელები მოადგნენ სახლში ბავშვების თანდასწრებით და წაიყვანეს. არ ვიცით, სად. ნეკნებდამტვრეული და სიცხიანია“, - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.