თავიდანვე ეტყობოდა, გადაწყვეტილი იყო ეს 2-თვიანი პატიმრობა,- ასე გამოეხმაურა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა, ოთარ ჭიჭინაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ჭიჭინაძის მამის განმარტებით, მისი შვილი ბრალდებულებს არ იცნობს, შესაბამისად, ჯგუფური დანაშაულის ფაქტიც ვერ იარსებებს.
„ყველა ბიჭის მიმართ თითიდან გამოწოვილი იყო, რა მტკიცებულებები? ზეპირი საუბარი, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი საუბარი იყო. თავიდანვე ეტყობოდა, გადაწყვეტილი იყო ეს 2-თვიანი პატიმრობა. უფრო გირაოს ველოდებით, მაგრამ არც ეს იყო გამორიცხული.
ის გადაწყვეტილება მიიღეს, ყველას 2-თვიანი შეუფარდეს. სასამართლოში არაფერი არ გვინახავს. ნახევარი არ ისმოდა, ისე საუბრობდნენ. არგუმენტაცია ჰქონდათ, რომ ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა. ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ ესენი არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ იქიდან ჯიუტად ერთი და იმავეს ამბობდნენ. ჩემი შვილი არავის იცნობს.
ყველა მხარდამჭერს დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.