რეზონანსი
11.12.2024

გუშინ თბილისში, მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარ შემზარავ ფაქტს სამართალდამცველები ამ დრომდე იძიებენ. 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის სასტიკ მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ლაშა მეტროში მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად, ხალხის თვალწინ, მას მამაკაცმა ზურგიდან ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო. უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

ყველაფერი ისე წამებში მოხდა, რომ მემანქანემ მატარებლის გაჩერება ვერ შეძლო. ცნობილია, რომ იქვე დააკავეს დამნაშავე. პოლიციის მისვლამდე მისი დაკავება უბრალოდ გამვლელმა და მეტროს ერთმა თანამშრომელმა შეძლო. როგორც ირკვევა, დამნაშავე არ იცნობდა მოკლულ ახალგაზრდას. გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდოა, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რადგან ფაქტის თვითმხილველების თქმით, მას არაადეკვატური ქცევები ჰქონდა და იმასაც ამბობენ, იცინოდაო.

"კვირის პალიტრა"ესაუბრა ლაშას ბიძაშვილს, ნათია ქამხაძეს, რომელიც ახლა უცხოეთშია. მას ძალიან გაუჭირდა საუბარი:

გუშინ, ეს კადრები რომ გავრცელდა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ლაშა იქნებოდა. კადრებშიც კარგად ჩანს, თავისთვის იდგა და უცებ ჰკრა ხელი.

ადამიანი არ არსებობს, ლაშა რომ არ ჰყვარებოდა. არავის არაფერს დაუშავებდა. თბილისში პერიოდულად ჩამოდიოდა სამუშაოდ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა კასპში. ადრე თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ ბოლო წლებია, სოფელში გადავიდნენ, რადგან ლაშას მამას იქ ჰქონდა სამსახური.

იმდენი ტრაგედია გადავიტანეთ... 1996 წელს 33 წლის ასაკში მამა მომიკლეს, ქვეგანყოფილებაში სამძებროს უფროსი იყო - გიორგი ქამხაძე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. სიკვდილის შემდეგ მისცეს ვახტანგ გორგასლის ორდენი, მაგრამ ეს რას შველის ამხელა ტრაგედიას. მერე, ჩემი მამიდაშვილი და ლაშას დეიდაშვილი - 29 წლის გოგიტა პატარკაციშვილი მოგვიკლეს და დღემდე არ ვიცით, რატომ. გოგიტა სააკაშვილის პირად დაცვაში იყო, რესტორანში წავიდნენ საქეიფოდ და იქ ვიღაცამ ეტყობა, ხელი ჰკრა, არაგვში ჩავარდა და დაიღუპა. ეს საქმე დღემდე გამოძიებული არ არის. მაშინ უამრავი ვერსია იყო, მერე თქვეს, თვითონ ჩავარდაო და არც კი ვიცით, ვინ მოგვიკლა გოგიტა, ბურუსით მოცულია ეს ამბავი და ახლა ახალი დიდი უბედურება. შიში მიპყრობს, გარეთ გასვლა საშიში გახდა", - განაცხადა ნათია ქამხაძემ.

"კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×