საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, დეკანოზ შალვა კეკელიასთან საპროტესტო აქციის რადიკალი მონაწილეების დაპირისპირებას, სოციალურ ქსელში აფასებს.
მდინარაძის განცხადებით, ერთან მებრძოლი ძალისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ისინი ვეღარასოდეს გაიმარჯვებენ საქართველოში.
„ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია... ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ! ვეღარასდროს! ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს! ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას!" - წერს მამუკა მდინარაძე.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა", - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.