
რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენს დღევანდელ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ჩვენ არა მხოლოდ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულება, არამედ ასევე ხელს მოვაწერთ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დიდ საბაზისო შეთანხმებას", - განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ირანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს. ფეზეშქიანის თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს.
ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, მათ შორის ბირთვულ ენერგეტიკაში. ამასთან დაკავშირებით ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების დასრულება უკვე დღეს შეუძლიათ.