
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის გეგმა ცნობილია - ხელოვანები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.
"ეს ქვეყანა ჩვენია", "ნახავთ, რა შეუძლია თეატრს" - ისმის ამ წუთებში ვასო აბაშიძის თეატრის წინ.
თეატრის ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მსახიობებს სხვა არჩევანი არ დაუტოვეს.
ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული. სწორედ ამიტომ ვიკრიბებით თეატრის წინ, სადაც ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ. ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. არ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან. პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია. მეტიც, გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არ ვარსებობთ და საერთოდ არ ვაინტერესებთ. დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება, იქ ჩვენ ვიდგებით და გავიმარჯვებთ.
ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ. ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება. ახლავე, აქვე ვიწყებთ დაანონსებას. ახალი თეატრი გადის რეგიონებში. მივალთ და მივაღწევთ ყველგან. ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ.
ამ განცხადების გაკეთება გგონიათ იოლია? ძალიან ვნერვიულობ და მეშინია. იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ მკითხავთ, რატომ აკეთებთ ამას. მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები. ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების. ნუ იცეკვებთ მათ დაკრულზე, მოდით აქ. ნუ იმღერებთ მათთან ერთად, მოდით აქ. ნუ ემსახურებით მათ. ახლა ვინც ტელევიზორებთან სხედხართ, გამოდით. ნუ წახვალ იქ, მოდი აქ", - განაცხადა დავით დოიაშვილმა.