
ირანს არ შეუძლია, ბირთვული იარაღი ჰქონდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანი ბირთვულ იარაღს თუ მიიღებს, შემდეგ ყველა მიიღებს და, საბოლოოდ, კატასტროფული ვითარება შეიქმნება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ენდობა თუ არა ირანელებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „არსებობს გზები, რომლითაც შეგიძლიათ ეს აბსოლუტურად გარანტირებული გახადოთ, თუ გარიგებას დადებთ“.
პარალელურად, ოვალურ კაბინეტში ირანზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „კარგი იქნება“ ირანული ბირთვული კრიზისის მოგვარება ისრაელის მხრიდან დაბომბვების გარეშე.