რეზონანსი
24.01.2025

"ასეთი ქმედებები და გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ევროპას და ევროკავშირს," - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერება შეაფასა.

კალაძის შეფასებით, იმედია, მსგავსი მიდგომები შეიცვლება.

"წარმოუდგენელია ის განცხადებები და თუნდაც გადაწყვეტილებები, რაც კეთდება. შეიძლება რაღაცები ბოლომდე ვერ მიდის, რადგან ამას თავისი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლის მომსწრენიც გავხდით და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება შეიცვლება და ყველა განცხადება თუ გადადგმული ნაბიჯები დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე.

ასეთი ქმედებები და გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ევროპას და ევროკავშირს," - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული მოთხოვნით, ევროსაბჭოს წერილობით რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს. ერთიანობა "ნაციონალურმა მოძრობამ," გახარიას გუნდმა, "ძლიერმა საქართველომ" და "კოალიციამ ცვლილებებისთვის" მოუწოდეს ევროსაბჭოს, არ დაადასტუროს "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება. საპარლამენტო ასამბლეის სესია მომავალ კვირასაა დაგეგმილი. საკითხის ინიციირება სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება, რის მერეც ის კენჭისყრაზე გავა. სტრასბურგში ჩადის ქართული დელეგაციაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×