
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ის კითხვაზე, აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტისა და მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ლეგიტიმურობას, უპასუხა, რომ მათ არა მხოლოდ ის, არამედ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი არ აღიარებს.
„მხოლოდ მე კი არა, არამედ მოსახლეობაც არ აღიარებს, რომელიც ქუჩებში გამოდის. ასევე, არჩევნების შედეგებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, უნგრეთის გარდა, არ აღიარებენ, იმიტომ, რომ არჩევნები მანიპულაციის შედეგი იყო, რომელიც თუ რუსეთის მიერ არ ყოფილა მოწყობილი, მაშინ მათი მხარდაჭერილი იყო. ამასთან, პარლამენტის არაკონსტიტუციური გზით მოწვევა მოხდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მისი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება.
„მე ხალხმა ამირჩია, ის პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი სხვა ინსტიტუტებისგან შემდგარმა კოლეგიამ აირჩია. ასე რომ, ეს ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია. ჩემი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება. კონსტიტუციის თანახმად, ჩემი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება. ეს კი ლეგიტიმურ პრეზიდენტს ნიშნავს. ამიტომ ველოდები. როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალი პრეზიდენტი აირჩევა, სიამოვნებით გავითვალისწინებ ამას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.