
„ხალხის ძალის“ დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის სოზარ საუბარის თქმით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოუსმენენ პროკურატურიდან ირაკლი ნადარეიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გიორგი სანტურიანს და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ალექსანდრე დარახველიძეს. ის პირები, ვინც საგამოძიებო კომისიაზე არ მივლენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს.
„საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას არ სჭირდება არავის ნდობა. ეს არის კანონით დადგენილი ვალდებულება. ვინც არ მოვა პასუხს აგებს კანონის წინაშე. კანონი ითვალისწინებს რამდენიმე სხვადასხვა სანქციას - ეს არის ჯარიმა, 3 წლით თანამდებობის აკრძალვა, ან ერთ წლამდე პატიმრობა. შესაბამისად, ეს საქმეები იქნება გადაგზავნილი შესაბამის უწყებებში, თუ ვინმე არ მოვა. როდესაც ლაპარაკია რომ კომისიაზე არ მოსვლა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, ეს გაწერილია კანონში. ჩვენ ბუნებრივია, არავის პასუხისმგებლობა არ გვინდა. პირიქით, გვინდა, რომ ადამიანები მოვიდნენ, გასცენ იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც კომისიას აქვს მათ მიმართ. თუ ვიღაც არ ემორჩილება კანონს, ამ შემთხვევაში კანონი მოქმედებს ავტომატურად და არა იმის გამო, რომ ამის სურვილი აქვს ვინმეს.
რაც შეეხება პარტიის აკრძალვას - პარტიის აკრძალვა-არ აკრძალვა არ არის მიზანი. მიზანი არის, ნათელი მოეფინოს იმ სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ამის შემდეგ მიღებულო იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
60 წლის წინ მოხდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ტრამპი ამბობს, რომ ახლა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი და თქვენ 12 წელი რატომ გიკვირთ? 12 წლის განმავალობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა“, - განაცხადა საუბარმა.